ირაკლი კობახიძე - გვარამიას წამოსცდა, „ოცნება“ მობილიზებას დღის პირველ ნახევარში გეგმავს, ჩვენი შედეგები გაუმჯობესდება მეორე ნახევარშიო, მაღალ აქტივობას „ქართული ოცნება“ უზრუნველყოფს
გვარამიას წამოსცდა, დღის პირველ ნახევარში აქვს ,,ქართულ ოცნებას“ ამომრჩევლის მობილიზება დაგეგმილი და მეორე ნახევარში ჩვენი შედეგები გაუმჯობესდებაო, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ იქნება მთავარი პოლიტიკური ძალა, რომელიც ამ არჩევნებზე მაღალ აქტივობას უზრუნველყოფს.
„ვუსმენდი გვარამიას გამოსვლას. ერთი წამოცდენა იყო ის, რომ დღის პირველ ნახევარში აქვს ,,ქართულ ოცნებას“ ამომრჩევლის მობილიზება დაგეგმილი და მეორე ნახევარში ჩვენი შედეგები გაუმჯობესდებაო. ეს წამოცდენა იყო. რეალურად, ჩვენ უზრუნველყოფთ ამომრჩევლის მობილიზაციას მთელი დღის განმავლობაში და „ქართული ოცნება“ იქნება მთავარი პოლიტიკური ძალა, რომელიც უზრუნველყოფს მაღალ აქტივობას ამ არჩევნებზე. ეს პრინციპულად მნიშვნელოვანია, რაც მეტი ამომრჩეველი მოვა ამ არჩევნებზე, მით უფრო სტაბილური იქნება პროცესების განვითარება ქვეყანაში.
რაც შეეხება ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებული შედეგების აღიარებას, ერთ-ერთი პრინციპული განსხვავება ჩვენსა და ოპოზიციას შორის მთელი ამ წლების განმავლობაში არის ის, რომ ჩვენ ყოველთვის მივყვებოდით ცესკო-ს მიერ გამოცხადებულ შედეგებს და ოპოზიცია არასდროს აღიარებდა ცესკო-ს შედეგებს. ამ გამოცდილების გათვალისწინებით, ეს საკითხი და კითხვა ყოველთვის აქტუალურია. ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა დავსვათ კითხვა რადიკალური ოპოზიციის წინაშე, ამ შემთხვევაში მაინც აღიარებენ თუ არა ცესკო-ს ოფიციალურად გამოცხადებულ შედეგებს? ეს კითხვები, რამდენადაც ვიცი, დაუსვეს საერთაშორისო დამკვირვებლებმა და ვერცერთ შემთხვევაში ვერ მიიღეს დადებითი პასუხი. ამ კითხვას ჩვენც გვისვამდნენ საერთაშორისო დამკვირვებლები, გვეკითხებოდნენ იქნებოდა თუ არა ნებისმიერი შედეგი ჩვენთვის მისაღები, ჩვენ ვაცხადებთ, რა მონაცემებსაც გამოაცხადებს ცესკო, იმ მონაცემებს გავყვებით. იმავე კითხვაზე ოპოზიციისგან ვერცერთ შემთხვევაში ვერ მიიღეს დადებითი პასუხი, რაც ნიშნავს, რომ მათ გაუჭირდებათ, შეეგუონ მძიმე, მე-9 მარცხს ამ 12-წლიანი ისტორიის მანძილზე, თუმცა ეს ყველაფერი მათი გადასაწყვეტი არ იქნება. რეალურად გაფორმდება ლეგიტიმური არჩევნების შედეგები, რომელიც გამოქვეყნდება ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ნდობით აღჭურვილი ინსტიტუტის, ცესკო-ს მიერ და ყველას მოუწევს, შეეგუოს იმ შედეგს, რომელიც დაფიქსირდება ქართველი ხალხის ნების სახით“, – განაცხადა კობახიძემ.