ირაკლი კობახიძე - გვაქვს მკაფიო პოლიტიკა, არსებობს წითელი ხაზები, საუბარი ვერ იქნება რუსეთთან დიპლომატიურ ურთიერთობებზე, მაგრამ ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ საკითხებზე დისკუსია შეიძლება, გაგრძელდეს
წითელი ხაზები არ გადაიკვეთება, დანარჩენზე ვნახოთ, რაზეა საუბარი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ საჰაერო მიმოსვლის შესაძლო აღდგენის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე კომენტირებისას განუცხადა.
„ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიოდ განსაზღვრული პოლიტიკა ამ საკითხთან დაკავშირებით. არსებობს წითელი ხაზები, რაც არის დაკავშირებული დეოკუპაციასთან, რაც არის დაკავშირებული ჩვენს დასავლურ ინტეგრაციასთან. ამ წითელი ხაზების ფარგლებში, რა თქმა უნდა, ყველაფერზე შეიძლება, ზოგადად მსჯელობა. ეს ნიშნავს იმას, რომ წითელი ხაზები არ გადაიკვეთება, ვერ გადაიკვეთება, დანარჩენზე ვნახოთ, რაზეა საუბარი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობების აღდგენის შესაძლებლობის შესახებ დასმულ კითხვას, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საუბარი ვერ იქნება დიპლომატიურ ურთიერთობებზე.
„გამომდინარე იქიდან, რომ წითელი ხაზები არსებობს, ვერ იქნება საუბარი ვერანაირ დიპლომატიურ ურთიერთობებზე, მაგრამ რაც შეეხება სავაჭრო-ეკონომიკურ-ჰუმანიტარულ საკითხებს, ამასთან დაკავშირებით ყოველთვის იყო გარკვეული დისკუსია და ეს დისკუსია შეიძლება, გაგრძელდეს. ეს არის ეკონომიკური საკითხი, ასი ათასობით ადამიანი, ჩვენი მოქალაქე ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში და ბუნებრივია, მათთვის ეს არის საინტერესო საკითხი. თავის დროზე ოპოზიციამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს შექმნოდათ პრობლემა“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.