ირაკლი კობახიძე - გვაქვს მკაფიო პოლიტიკა, არ ვაღიარებთ არც დე ფაქტო ხელისუფლებას, არც დე ფაქტო არჩევნებს, არც დე ფაქტო რეფერენდუმს
გვაქვს ჩვენი მკაფიო პოლიტიკა და არ ვაღიარებთ არც დე ფაქტო ხელისუფლებას, არც დე ფაქტო არჩევნებს, არც დე ფაქტო რეფერენდუმს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძე გამოეხმაურა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის რუსეთთან მიერთების შესახებ ე.წ. რეფერენდუმის დანიშვნის საკითხს.
„რაც შეეხება ამგვარ ინიციატივებს, ჩვენ გვაქვს ჩვენი მკაფიო პოლიტიკა და არ ვაღიარებთ არც დე ფაქტო ხელისუფლებას, არც დე ფაქტო არჩევნებს, არც დე ფაქტო რეფერენდუმს. ამასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია არის ძალიან ნათელი, ძალიან მკაფიო. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია გავყვებით ზუსტად იმავე ხაზს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ცხინვალის რეგიონთან მიმართებაში ყოფილი ხელისუფლების პოლიტიკაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რეფერენდუმი და მავთულხლართები არის ზუსტად იმ პოლიტიკის მემკვიდრეობა, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დატოვა.
„შეგახსენებთ, მაგალითად 2004-2005 წლებში რა ვითარება იყო ცხინვალის რეგიონში. დასახლებული ტერიტორიის 2/3 აკონტროლებდა საქართველოს ხელისუფლება. ამის შემდეგ დაიწყო წინა ხელისუფლების მოქმედებები, როდესაც მათ აღადგინეს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საზღვრები საკუთარი კანონით, რომელიც გაუქმდა გამსახურდიას ხელისუფლების პირობებში. ეს გააკეთეს იქედან 15 წლის თავზე. ამის შემდეგ ჩაატარეს ახალი დე ფაქტო, სეპარატისტული არჩევნები, საქართველოს ხელისუფლებამ ჩაატარა სეპარატისტული არჩევნები ცხინვალის რეგიონში და შექმნა ალტერნატიული სეპარატისტული ხელისუფლება, რაც დაგვირგვინდა ბოლოს 20 პროცენტის ჩაბარებით, ეს არის მათი საქმიანობის შედეგები. და ჩვენი საქმიანობის შედეგებს შეგიძლიათ გადახედოთ, რაც არის. რაც შეეხება რეფერენდუმს, რაც შეეხება მავთულხლართებს და ა.შ., შეგახსენებთ, რომ ეს არის ზუსტად იმ პოლიტიკის მემკვიდრეობა, რომელიც მათ დატოვეს და ეს არის რა თქმა უნდა, ცხრაწლიანი მმართველობის პოლიტიკის შედეგი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. მოქმედმა პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა საქართველოს ოკუპირებული რეგიონის რუსეთთან მიერთების შესახებ ე.წ. რეფერენდუმი 17 ივლისს დანიშნა.
რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რამდენიმე დღის წინ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად ალან გაგლოევი გამოაცხადეს, რომლის ე.წ. ინაუგურაცია 21 მაისის შემდეგ იგეგმება. მანამდე, გაგლოევმა თქვა, „როგორც კი დრო მოვა, სამხრეთ ოსეთი მზად იქნება რუსეთის ფედერაციაში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმის ჩასატარებლად“.