ირაკლი კობახიძე - გვაქვს შესაძლებლობა, რომ ყველა ოლქში პირველსავე ტურში მოვიგოთ
თუ ამომრჩეველი სათანადო რაოდენობით გამოცხადდება საარჩევნო ყუთთან, პირველსავე ტურში ჩვენს გამარჯვებას ვერაფერი დაუდგება წინ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ბიძინა ივანიშვილის მიმართვასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ პოზიციები ყველგან ძალიან ძლიერია.
„ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი მოწოდება. ჩვენთვის მთავარი მოწოდებაა თავისუფალი, სამართლიანი და მშვიდობიანი არჩევნების უზრუნველყოფა. ხედავთ, რომ „ქართული ოცნების“ პოზიციები ყველგან ძალიან ძლიერია. ამ ვითარებაში ჩვენი ერთადერთი ამოცანაა მშვიდობიანი გარემოს შენარჩუნება. იყო რამდენიმე ინციდენტი, ძირითადად ქვემო ქართლში და სამართალდამცავი ორგანოების, ასევე ჩვენი ჩარევის შემდეგ, თქვენ ნახეთ, რომ ვითარება შეიცვალა. ჩვენს აქტივთან მუდმივი კონსულტაციები გვქონდა. დღეს შენარჩუნებულია მშვიდი გარემო. ჩვენი მიზანიც ეს არის.
ჩვენ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ყველა ოლქში პირველსავე ტურში მოვიგოთ. ამისათვის საჭიროა მობილიზაცია. თუ ამომრჩეველი სათანადო რაოდენობით გამოცხადდება საარჩევნო ყუთთან, პირველსავე ტურში ჩვენს გამარჯვებას ვერაფერი დაუდგება წინ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
გუშინ გავრცელებულ მიმართვაში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მმართველი გუნდის რეიტინგი 54-დან 60 პროცენტამდე მერყეობს, რიგ შემთხვევებში კი 63 პროცენტსაც აჭარბებს. ამასთან, მან მხარდამჭერებს მოუწოდა, არ აყვნენ პროვოკაციებს. მისივე განცხადებით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ არჩევნები მშვიდ და სამართლიან გარემოში ჩატარდეს.