ირაკლი კობახიძე - გვაქვს ამბიციური გეგმა და სურვილი, დავასრულოთ დისკუსია მოსამართლეთა დისციპლინურ საკითხებთან დაკავშირებით
გვაქვს ამბიციური გეგმა და სურვილი, რომ დავასრულოთ დისკუსია მოსამართლეთა დისციპლინურ საკითხებთან დაკავშირებით,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სასამართლო სისტემის მეოთხე ტალღის რეფორმირების საკითხზე დისკუსიის გახსნისას განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, მხოლოდ ბრალეული ქმედებისთვის შეიძლება იქნას წამოწყებული მოსამართლის მიმართ დისციპლინური წარმოება.
ამასთან, კობახიძის განცხადებით, კანონპროექტში განმარტებულია ბრალის სახეები, ზოგადი რეგულაციები იმის თაობაზე, რა შემთხვევაში დაეკისრება მოსამართლეს პასუხისმგებლობა.
„გვქონდა რამდენიმე საინტერესო შეხვედრა ამ კანონპროექტზე, ჩვენ გამოვკვეთეთ ოთხი ძირითადი თემა, რომელზეც გრძელდება მუშაობა და ამ ოთხიდან ერთ-ერთი თემა არის მოსამართლეთა დისციპლინური წარმოების საკითხები. გვქონდა საინტერესო დისკუსიები, შემუშავებულია პროექტი, რომელიც არსებითად ეფუძნება ე.წ. ბანგალორის პრინციპებს და ამ დოკუმენტში არის ასახული მთელი რიგი ახალი რეგულაციები, რომლებიც აუმჯობესებს ამ საკითხის მოწესრიგებას კანონმდებლობის დონეზე.
დღეს შევეცდები კიდევ ერთხელ მიმოვიხილო იმ დისკუსიების შედეგები, რომლებიც გვქონდა გასული თვეების განმავლობაში და დღეს გვექნება საშუალება, რომ კიდევ ერთხელ ვიმსჯელოთ ამ რეგულაციებთან დაკავშირებით. თუ რჩება საკითხები, რომლებიც საჭიროებს შემდეგ დაზუსტებას, შემდეგ გასწორებას, ჩვენ რა თქმა უნდა, ვართ ღია ასეთი დისკუსიისთვის.
კიდევ ერთხელ ვეცდები წარმოვადგინო ის კანონპროექტი, რომელიც არის შემუშავებული და დღეს არის წარმოდგენილი. დავიწყებ ამ წარდგენას 75 პრიმა მუხლით, რომელიც ეხება მოსამართლის დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლებს.
როგორც მოგეხსენებათ, აქ დაზუსტდა მთელი რიგი რეგულაციები და არის განმარტებული ის, რომ მხოლოდ ბრალეული ქმედებისთვის შეიძლება იქნას წამოწყებული დისციპლინური წარმოება, მოსამართლის მიმართ და აქ არის განმარტებული ამ ბრალის სახეები, ზოგადი რეგულაციები იმის თაობაზე, რა შემთხვევაში დაეკისრება მოსამართლეს პასუხისმგებლობა, მათ შორის არის წარმოდგენილი ერთგვარი ფორმალური გადაცდომის ფორმა“,- განაცხადა კობახიძემ.