ირაკლი კობახიძე - გვაქვს 60%-იანი რეიტინგი და ამბიცია საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღებაზე, წაგებაზე იდარდონ იმ პოლიტიკურმა ძალებმა, რომლებმაც რვა არჩევნები წააგეს და მეცხრეშიც დამარცხდებიან
დღეს გვაქვს 60% რეიტინგი და ამბიცია საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების. წაგებაზე იდარდონ იმ პოლიტიკურმა ძალებმა, რომლებმაც უკვე რვა არჩევნები წააგეს და მეცხრეშიც აუცილებლად დამარცხდებიან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძის თქმით, კვლევები აჩვენებს საზოგადოების მყარ განწყობას, რომელიც არის ჩამოყალიბებული.
„კვლევები გვაძლევს სურათს. კვლევები როცა ტარდება არჩევნებამდე ორი თვით ადრე, იქ რაიმე არსებითი ცვლილების შეტანა, პრაქტიკულად, შეუძლებელია, რადგან ეს კვლევები აჩვენებს საზოგადოების მყარ განწყობას, რომელიც არის ჩამოყალიბებული. შემდეგ ცდომილება შეიძლება იყოს, მაქსიმუმ, ხუთი პროცენტის ფარგლებში. ასე არ არის, რომ დღეს გვაქვს 60% რეიტინგი და ხვალ შეიძლება მივიღოთ 40 ან 45. რეიტინგი არის მყარი“, – განაცხადა კობახიძემ.
ამასთან, როგორც კობახიძემ აღნიშნა, 60%-იან რეიტინგს ორი ფაქტორი განაპირობებს.
„ერთი არის ის, რომ, უკიდურესი სირთულეების მიუხედავად, პირდაპირი ზეწოლის პირობებში შევძელით ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება და ამ ოთხი წლის განმავლობაში გვაქვს უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა. ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, პირველ ადგილზე ვართ ევროპაში და რეგიონში. წინა სამი წლის გამავლობაში საშუალო მაჩვენებელი იყო 9,7%, ამის მსგავსიც არ ჰქონია არცერთ ქვეყანას არც რეგიონში და არც ევროპაში. მიმდინარე წელსაც ცხრა პროცენტზე მაღალი ეკონომიკური მაჩვენებელი გვაქვს. ეს არის ორი მთავარი ფაქტორი, რაც განაპირობებს 60%-იან რეიტინგს.
როგორც წესი, ასე ხდება ხოლმე კამპანიის დასაწყისში, რაც გვაქვს რეიტინგი, დაახლოებით ხუთი პროცენტით ვახერხებთ ხოლმე ამ რეიტინგის გაუმჯობესებას. შესაბამისად, დიდი იმედი გვაქვს, რომ ჩვენი მაჩვენებელი 60%-ს კარგად გადასცდება. შესაბამისად, ჩვენ მივიღებთ საკონსტიტუციო უმრავლესობას. 113 მანდატი არის უმნიშვნელოვანესი, რათა განხორციელდეს ის ფუნდამენტური ცვლილებები, რაც ასე სჭირდება ჩვენს ქვეყანას. აქ იგულისხმება როგორც უშუალოდ საკონსტიტუციო ცვლილებები, ასევე „ნაცმოძრაობის“, როგორც დამნაშავე პოლიტიკური ძალის გასამართლება“, – განაცხადა კობახიძემ.
კითხვაზე, გამარჯვების გარდა, განიხილავს თუ არა პარტია სხვა შედეგს, კობახიძემ აღნიშნა:
„ეს არის საზოგადოების განწყობა, რომელიც, საბოლოო ჯამში, 26 ოქტომბერს იქნება ასახული საარჩევნო შედეგებში“.