ირაკლი კობახიძე - გუშინ შეკრებილი 350 ადამიანიდან უმეტესობა იყო პარტაქტივი, უჭირთ ადამიანების შეკრება, 29 აპრილს ათიათასობით ჩვენს მხარდამჭერს ველოდებით
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, გუშინდელ აქციაზე 350 ადამიანი იყო შეკრებილი, რომელთა უდიდეს უმრავლესობას პარტაქტივი წარმოადგენდა.
კობახიძის თქმით, ორშაბათს, 29 აპრილს გაიმართება შეკრება, სადაც „ქართული ოცნება“ ათიათასობით მხარდამჭერს ელოდება.
ამასთან, ირაკლი კობახიძის განმარტებით, აქვთ მოლოდინი, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვისას აქციის მონაწილეები შეიკრიბებიან, რაც მათი უფლებაა.
„გუშინ იყო 350 ადამიანი შეკრებილი, საიდანაც უდიდესი უმრავლესობა იყო პარტაქტივი, დიმა ჩიქოვანის, ხაზარაძის და ა.შ. პარტაქტივი, მათ მიერ დაფინანსებული ორგანიზაციები. ანუ, 350 ადამიანიდან უმეტესობა იყო პარტაქტივი. აქედან გამომდინარე, უჭირთ ადამიანების შეკრება და ა.შ. ჩვენ ველოდებით, რომ მეორე მოსმენის დროს ისინი შეიკრიბებიან, მათი უფლებაა, შეიკრიბონ, როგორც უნდათ, სადაც უნდათ, მაგრამ ორშაბათს გაიმართება შეკრება, სადაც ჩვენ ველოდებით ათიათასობით ჩვენს მხარდამჭერს, სამშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათს რამდენიც უნდათ, იმდენი შეიკრიბონ“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.