ირაკლი კობახიძე - გულდაწყვეტით უნდა ვთქვათ, რომ მიუღებელია ნებისმიერი განცხადება, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება ხელისუფლების დანაწილებასა და მართლმსაჯულების დამოუკიდებლობას
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე გიორგი რურუას საქმესთან დაკავშირებით სენატრო ჯიმ რიშისა და ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის განცხადებებს გამოეხმაურა.
ჯიმ რიში და ანდრიუს კუბილიუსი აცხადებენ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი რურუა უნდა შეიწყალოს.
კობახიძის თქმით კი, აბსოლუტურად მიუღებელია ნებისმიერი ისეთი განცხადება, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება როგორც ხელისუფლების დანაწილებას, ასევე მართლმსაჯულების დამოუკიდებლობას.
„გულდაწყვეტით უნდა ვთქვათ, რომ ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია ნებისმიერი ისეთი განცხადება, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება როგორც ხელისუფლების დანაწილებას, ასევე მართლმსაჯულების დამოუკიდებლობას. შესაბამისად, მხოლოდ ასეთი კომენტარი შეგვიძლია გავაკეთოთ შესაბამის განცხადებებზე, რომელიც კეთდება კონკრეტული უცხოელი პოლიტიკოსების მხრიდან რურუას საქმესთან დაკავშირებთ“, – აღნიშნა კობახიძემ.
მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებისთვის ამოსავალი წერტილი არის ხელისუფლების დანაწილების პრინციპი, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა და ამ პრინციპებით უნდა ხელმძღვანელობდნენ საქართველოს პარტნიორებიც.
თბილისის საქალაქო სასამართლომ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარების ბრალდებით დაკავებული გიორგი რურუა დამნაშავედ ცნო და ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.