ირაკლი კობახიძე - გთავაზობთ, არაკონსტიტუციურად გამოვაცხადოთ კომპარტია და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთად
გთავაზობთ, არაკონსტიტუციურად გამოვაცხადოთ კომპარტია და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთად, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
ირაკლი კობახიძემ ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრებმა პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე განაცხადეს, რომ „ქართული ოცნების“ წევრები კომუნისტური პარტიის დროს მაღალ თანამდებობებზე მუშაობდნენ.
„გთავაზობთ, არაკონსტიტუციურად გამოვაცხადოთ კომპარტია და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთად. მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს ამასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა, გიგა ბოკერიამ დღეს პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი ცეკა-ს ყოფილი ინსტრუქტორია, რის შემდეგაც პარლამენტის სხდომაზე დაპირისპირება მოხდა. როგორც ბოკერიას საპასუხოდ გია ვოლსკიმ აღნიშნა, იმ ადამიანებს, რომლებზეც ბოკერია საუბრობდა, ყავარჯნებით ადამიანები არ გაუუპატიურებიათ.