ირაკლი კობახიძე - გრიგოლ ვაშაძემ აღიარა, რომ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის უკან „ნაციონალური მოძრაობა“ იდგა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, გრიგოლ ვაშაძემ აღიარა, რომ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის უკან „ნაციონალური მოძრაობა“ იდგა.
კობახიძე ამბობს, რომ ნიკა მელიასა და მიხეილ სააკაშვილს შემდეგომ, უკვე გრიგოლ ვაშაძეს წამოსცდა, რომ პროცესებს სწორედ „ნაციონალური მოძრაობა“ მართავდა.
„მას შემდეგ, რაც მელიამ და სააკაშვილმა მოგვცეს აღიარებითი ჩვენებები, ახლაც მოგვცა ვაშაძემ აღიარებითი ჩვენება, რომ მთელი ამ პროცესის, მათ შორის ხელისუფლების გადატრიალების მცდელობის უკან, იდგა „ნაციონალური მოძრაობა“. ეს იყო მორიგი აღიარებითი ჩვენება. ამან გამოიწვია იმ ადამიანების გაღიზიანება, რომლებსაც არ უნდოდათ, გაეშიფრათ საკუთარი კავშირი „ნაციონალურ მოძრაობასთან“. რეალურად სურათი ძალიან ნათელია – საზოგადოებამ იცის, რომ რაც ხდებოდა 20 ივნისი, ამის უკან იდგა „ნაციონალური მოძრაობა“, მას ჰყავდა საკუთრი სატელიტი ორგანიზაციები და ამ სატელიტი ორგანიზაციების მეშვეობით, შემდგომ კი უშუალო ჩართულობით, მათ სცადეს ხელისუფლების გადატრიალება“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
ეს განცხადება ირაკლი კობახიძემ გრიგოლ ვაშაძის პოზიციის საპასუხოდ გააკეთა. რამდენიმე დღის წინ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ განაცხადა, რომ პროპორციული არჩვენების ჩატარების პირობა ხელისუფლებას სწორედ მათმა პარტიამ დაათმობინა. კობახიძე ამბობს, რომ ვაშაძის ამ განცხადებას საზოგადოება თავად შეაფასებს 2020 წლის 31 ოქტომბერს, როდესაც საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.