გპირდებით, ხვალ ან ზეგ ყველა ყველაფერს გაიგებს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირად წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა.
„გპირდებით, ხვალ ან ზეგ ყველა ყველაფერს გაიგებს. თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ, არ მოეწერა ხელი ან მოეწერა ხელი, ორივე შემთხვევაში საზოგადოება გაიგებს დეტალებს, გაიგებს ჩვენი საუბრების შინაარსს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ამასთან, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბრიფინგზე მოდერატორის ფუნქციის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„მოდერატორის ფუნქციაა, შემოგთავაზოს საკუთარი ვარიანტები და მიიღოს პასუხი, რათა მეორე მხარესთან გააგრძელოს საუბარი. თანხვედრაზე აქ ვერ იქნება საუბარი, მან რაღაც ვარიანტები შემოგვთავაზა, ჩვენ რაღაცებზე ვთქვით, რომ მისაღებია, რაღაცებზე ვთქვით, რომ დამატებითი მსჯელობა დაგვჭირდება, ეს არის სამუშაო პროცესი. პოლიტიკურ გუნდში უნდა ვიმსჯელოთ გარკვეულ საკითხებზე, რასთან დაკავშირებითაც წამოვიდა წინადადებები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.