ირაკლი კობახიძე - „გლობალურ ომის პარტიასთან“ ბრძოლას ალტერნატივა არ აქვს, ალტერნატივა არის დანებება და დანებების ერთადერთი გაგრძელება არის ქვეყნის უკრაინიზაცია
„გლობალურ ომის პარტიასთან“ ბრძოლას ალტერნატივა არ აქვს, ალტერნატივა არის დანებება და დანებების ერთადერთი გაგრძელება არის ამ ქვეყნის უკრაინიზაცია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება“ განაცხადა.
კობახიძის თქმით, ეს არის ძალიან რთული ბრძოლა, მათ შორის, პერსონალური კუთხითაც.
„მაგალითად, ჩემთვის პირადად, საერთოდ არ არის სასიამოვნო ამ ბრძოლაში ყოფნა. სერიოზულ რისკებთან არის დაკავშირებული ეს ბრძოლა. მათ შორის, პერსონალურ რისკებთან, კონკრეტული მაგალითები, არ მინდა, მოვიტანო ამასთან დაკავშირებით. არ არის სასიამოვნო არც პერსონალურად, არც ზოგადად, მაგრამ ალტერნატივა არ აქვს ერთი მიზეზის გამო. ალტერნატივა არის დანებება და დანებების ერთადერთი გაგრძელება არის ამ ქვეყნის უკრაინიზაცია. ჩვენ შეგვიძლია, წავიდეთ სახლში, მარტივად. ვგულისხმობ ჩვენს პოლიტიკურ ძალას, მაგრამ შედეგი იქნება რა – ერთადერთი ალტერნატივა, რომელიც მოვა ხელისუფლებაში, ეს არის იგივე პოლიტიკური ძალა, რომელიც ქვეყანას მართავდა 2004 წლიდან 2012 წლის ჩათვლით, ეს არის კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. გარანტირებული შედეგი ამ პოლიტიკური ძალის საქმიანობის, თან უახლოეს მომავალში, იქნება ამ ქვეყნის უკრაინიზაცია. მარტივად გადადგამენ იმ ნაბიჯებს, რასაც ჩვენგან ითხოვდნენ და ძალიან მოკლე ვადებში მიაღწევენ ამ ქვეყნის უკრაინიზაციას.
შესაბამისად, ჩვენ გვაქვს ორი თეორიული ალტერნატივა: ან ვაგრძელებთ ამ ძალიან რთულ და მტკივნეულ ბრძოლას „გლობალურ ომის პარტიასთან“, ან მარტივად შეგვიძლია, მივუშვათ პროცესი, დავაბრუნოთ ხელისუფლებაში ის პოლიტიკური ძალა, რომელიც მართავდა საქართველოში პოლიტიკურ პროცესებს, რა თქმა უნდა, აქაც გარე ჩაერვით, 2012 წლამდე. გარდაუვალი შედეგი უმოკლეს ვადებში არის ამ ქვეყნის უკრაინიზაცია, ანუ საქართველოს მიერ უკრაინის ბედის გაზიარება. რადგან გვაქვს საუბარი ორ ალტერნატიულ ვერსიაზე, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან მტკივნეულ და რთულ ბრძოლას, ალტერნატივა არ აქვს. ეს ბრძოლა არაკომფორტულია, მაგრამ, უბრალოდ, არის უალტერნატივო“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.