ირაკლი კობახიძე - გიორგი მარგველაშვილის დასახელება ოპოზიციის ერთიან საპრეზიდენტო კანდიდატად „ნაციონალური მოძრაობის“ სასურველი სცენარია
ირაკლი კობახიძე - გიორგი მარგველაშვილის დასახელება ოპოზიციის ერთიან საპრეზიდენტო კანდიდატად „ნაციონალური მოძრაობის“ სასურველი სცენარია

ოპოზიციის ერთიან საპრეზიდენტო კანდიდატად გიორგი მარგველაშვილის დასახელება „ნაციონალური მოძრაობის“ სასურველი სცენარია, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ამის შეფუთვას ცდილობს.

„ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ სასურველი სცენარი, მათ სურთ გიორგი მარგველაშვილის წარმოდგენა საკუთარ კანდიდატად, ოღონდ ბუნებრივია, ამას შეფუთვა სჭირდება და უნდათ, რომ გააფორმონ ეს ყველაფერი, როგორც ერთიანი ოპოზიციური კანდიდატი. ამ სცენარზე მიდის მუშაობა და ეს ვერც დამალეს, თვითონ მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა შესაბამისი განცხადებები. ამ განცხადებას მოყვა ასევე მარგველაშვილის შესაბამისი განცხადება“, – აღნიშნა კობახიძემ.

მისი შეფასებით, აღნიშნული სცენარი მარტივია, თუმცა „ქართულ ოცნებას“ არჩევნების წაგება არც ერთი სცენარით არ ემუქრება.

„ეს არის მარტივი სცენარი, თუმცა მე მინდა ვთქვა, რომ არც ერთი სცენარით ჩვენ არ გვემუქრება ამ არჩევნების წაგება. პირიქით – „ქართულ ოცნებას“ აქვს ყველანაირი საფუძველი იმისთვის, რომ პირველივე ტურში მოიგოს საპრეზიდენტო არჩევნები.  ჩვენ პროგნოზებში არ ვცდებით ხოლმე, ასე მოხდა 2016 წელს, 2017 წელს, მათ შორის, როცა საქმე ეხებოდა თბილისის მერის არჩევნებს და ამ პროგნოზში არც ახლა შევცდებით“, – განაცხადა კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით წინასწარი კონსულტაციები გუნდში დაწყებულია, თუმცა გამოკვეთილი კანდიდატი ჯერ არ არსებობს.

„რაც შეეხება ჩვენს კანდიდატს, ერთგვარი წინასწარი კონსულტაციები არის დაწყებული ჩვენს გუნდში საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით, თუმცა ჯერ გამოკვეთილი კანდიდატი არ არსებობს. უნდა გაგრძელდეს კონსულტაციები და ამის საფუძველზე, ჩვენ აუცილებლად დავასახელებთ კანდიდატს“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, შესაძლოა, საპრეზიდენტო არჩევნებზე ოპოზიციის ერთიან კანდიდატად დასახელდეს. ამასთან, პარტია „ახალი მემარჯვენეების“ წარმომადგენელმა, მანანა ნაჭყებიამ დღეს არ გამორიცხა, რომ გიორგი მარგველაშვილი რამდენიმე ოპოზიციური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი იყოს.