ირაკლი კობახიძე - გიორგი მარგველაშვილი სასამართლო სისტემაში დანიშვნებისას ყოველთვის ცდილობდა, საკუთარი სუბიექტური პოლიტიკური ინტერესი ჩაედო
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის არჩევა ან ჩაგდება ჩვენთვის თვითმიზანი არ არის. ჩვენთვის მთავარია, როგორი იქნება კანდიდატი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, საპარლამენტო უმრავლესობას პროცესთან დაკავშირებით ოპტიმისტური მოლოდინი არ აქვს.
„არაერთხელ აღვნიშნეთ და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ სამწუხაროდ, მოლოდინი არ არის ოპტიმისტური და ეს პესიმიზმი დაკავშირებულია იმ პრაქტიკასთან, რომელიც ჩამოყალიბებული აქვს გიორგი მარგველაშვილს – ის ყოველთვის ცდილობდა, დანიშვნებში ჩაედო საკუთარი სუბიექტური პოლიტიკური ინტერესი და სწორედ ამის გამო ნიშნავდა, როგორც წესი, თავის თანამშრომლებს სასამართლო სისტემაში. ეს არის სამწუხარო პრაქტიკა. არ გვგონია, რომ ხუთი წლის თავზე შეიცვალოს მარგველაშვილის დამოკიდებულება. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენი მოლოდინი პესიმისტურია, თუმცა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არც არჩევა, არც ჩაგდება ჩვენთვის არ არის თვითმიზანი. დაველოდებით კანდიდატურას და ამის შემდგომ ვიმოქმედებთ ჩვენი კონსტიტუციური უფლებამოსილების შესაბამისად“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.