ირაკლი კობახიძე გიორგი გახარიაზე - საცოდავი არის კაცი, რომელიც არჩევნების შემდეგ, თვეების განმავლობაში ემალება საზოგადოებას და საკუთარი გუნდის წევრებს
საცოდავი არის კაცი, რომელიც არჩევნების შემდეგ, თვეების განმავლობაში ემალება საზოგადოებას და ემალება საკუთარი გუნდის წევრებსაც კი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გიორგი გახარიასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ასეთი ადამიანი არის საცოდავი.
„მე კი არ მეცოდება, საცოდავია. თქვენ გახსოვთ, რომ იყო პარლამენტში შეჭრის მცდელობა. ამაზე რეაგირება იყო კანონიერი და ემსახურებოდა კონსტიტუციური წესრიგის დაცვას, მაგრამ რაც შეეხება ფორმებს და კონკრეტულად გადაცდომებს, რაზეც ჩვენ გვქონდა საუბარი, ამაზე მსჯელობა შეიძლება გაგრძელდეს და ამაზე ვამახვილებთ ყურადღებას. ოპოზიციას იმიტომ ვადანაშაულებთ, რომ იჭრებოდა პარლამენტში.
20 ივნისს კანონის ფარგლებში განხორციელდა რეაგირება პარლამენტში შეჭრის მცდელობაზე, მაგრამ რაც შეეხება კონკრეტულ ქმედებებს, რაც გამოხატული იყო საბოლოო ჯამში ადამიანის სხეულის დაზიანებასა და ა.შ. იქ თავიდანვე ვთქვით, რომ იყო გარკვეული კითხვის ნიშნები და ეს კითხვის ნიშნები, ახლაც არის ძალაში. ამაზე გავამახვილეთ ჩვენ ყურადღება, როცა ვსაუბრობდით მაშინდელი შს მინისტრის როლსა და ქმედებებზე.
კომპრომატს აქვს ცოტა რთული და ცუდი დატვირთვა, ამ ტერმინს მე არ გამოვიყენებდი, აქ საუბარია ინფორმაციაზე, რომელიც უკავშირდება იმ ალიანსს „ნაცმოძრაობასა“ და გახარიას შორის, რომელიც ისედაც ყველასთვის გახდა ცხადი კონკრეტული ოთხი კოალიციის მაგალითზე. ყველამ ისედაც იცის, რომ ეს ალიანსი არსებობს, რაც შეეხება მეტ ინფორმაციას საინტერესო დეტალებთან დაკავშირებით, ამაზე გვექნება მოგვიანებით საუბარი“, – განაცხადა კობახიძემ.