ირაკლი კობახიძე - გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატი საქმის პოლიტიზებას როცა ცდილობს, ეს არასწორია და ამაში ჩვენს წვლილს ვერ შევიტანთ
გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატი ამ საქმის პოლიტიზებას როცა ცდილობს, ეს არასწორია და ამაში ჩვენს წვლილს ვერ შევიტანთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ეს არის კონკრეტული საქმე, რომელიც სავარაუდო დანაშაულს უკავშირდება და საქმე განხილული უნდა იყოს სამართლებრივ ჭრილში.
„ამ თემას არ ჩავუღრმავდები. ხედავთ, რომ იქითა მხარის ადვოკატი ამ საკითხის პოლიტიზებას ცდილობს. მიზანი ჩანს, რაც არის, ეს არის არასწორი. ეს არის კონკრეტული საქმე, რომელიც სავარაუდო დანაშაულს უკავშირდება და საქმე განხილული უნდა იყოს სამართლებრივ ჭრილში. როცა ბაჩიაშვილის ადვოკატი ამ საქმის პოლიტიზებას ცდილობს, ეს არასწორია და ამაში ჩვენს წვლილს ვერ შევიტანთ“, – განაცხადა კობახიძემ.
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. საქმეზე პროცესი 6 ივლისს გაიმართა, რომელსაც თავად ბრალდებულიც ესწრებოდა. როგორც ბაჩიაშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, ის თავს დამნაშავედ არ ცნობს. სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 2 500 000 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 31 აგვისტოს, 13:00 საათზე ჩაინიშნა.
თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის საქმესთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა, თეიმურაზ წიქვაძემ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ „გიორგი ბაჩიაშვილის კეთილსინდისიერების მიმართ ეჭვების გაჩენის შემდეგ, ივანიშვილი დაინტერესდა ბიტკოინების მაინინგის საკითხის შესწავლით, რის შედეგადაც აღმოჩნდა, რომ გიორგი ბაჩიაშვილმა მიითვისა მილიონობით დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტა“. განცხადება გაავრცელა გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატმა, რობერტ ამსტერდამმაც, რომლის თქმითაც, „თეიმურაზ წიქვაძის პრეტენზიები თავხედურად არ შეესაბამება სიმართლეს“ და სიმართლის გამოსავლენად ბოლომდე იბრძოლებენ.