ირაკლი კობახიძე - გილოცავთ კანდიდატის სტატუსს, ჩვენს საერთო გამარჯვებას, თავისუფლება, თანასწორობა და ღირსება ტრადიციული ევროპული ღირებულებებია, სადაც აჩვენებ ღირსებას, მიიღებ ღირსეულ პასუხს
გილოცავთ კანდიდატის სტატუსს, ჩვენს საერთო გამარჯვებას, ტრადიციული ევროპული ღირებულებებია თავისუფლება, თანასწორობა და ღირსება, სადაც აჩვენებ ღირსებას, მიიღებ ღირსეულ პასუხს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა თავისუფლების მოედანზე, სადაც ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიება მიმდინარეობს.
კობახიძის თქმით, გასული ორი წლის განმავლობაში საქართველომ მრავალი სირთულე გამოიარა.
„ჩვენმა ქვეყანამ გამოიარა ურთულესი ბრძოლა საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაცავად, თუმცა ქართულმა საზოგადოებამ გამოავლინა განსაკუთრებული გამოცდილება და სიბრძნე, რამაც ყველა სირთულის დაძლევის შესაძლებლობა მოგვცა. ტრადიციული ევროპული ღირებულებებია თავისუფლება, თანასწორობა და ღირსება. გასული ორი წლის მანძილზე საქართველო მოქმედებდა სწორედ როგორც თავისუფალი, თანასწორი და ღირსეული სახელმწიფო. სადაც აჩვენებ ღირსებას, მიიღებ ღირსეულ პასუხს. ვიღაცებს უნდოდათ, საქართველო ცალ ფეხზე დამდგარიყო. ჩვენ დავდექით მყარად, ორ ფეხზე და სწორედ ამის შედეგია, რომ დღეს საქართველოს აქვს მშვიდობა, ქვეყანა მიიწევს წინ და ახლა უკვე საქართველოს მიენიჭა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.
11 წლის წინ აქ, თავისუფლების მოედანზე, ბიძინა ივანიშვილმა საფუძველი ჩაუყარა ქართველი ხალხის ისტორიულ გამარჯვებას, რომელმაც საბჭოური ტიპის ავტორიტარიზმი ევროპული ტიპის დემოკრატიული და სამართლიანი მმართველობით ჩაანაცვლა. საქართველოს ევროპულ წარმატებას სწორედ მაშინ ჩაეყარა მყარი საფუძველი. ჩვენი დღევანდელი გამარჯვება პირველ რიგში, არის ქართველი ხალხის დამსახურება. ეს გამარჯვება არის თითოეული თქვენგანის დამსახურება.
დღევანდელ დღეს ვულოცავ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ყველა თაობის წარმომადგენელს, ჩვენს საამაყო ახალგაზრდებს, ქართველ ემიგრანტებს. მადლობა თქვენ ერთად დგომისთვის, ერთად ბრძოლისთვის და ჩვენი საერთო გამარჯვებისთვის.
მადლობა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, პარლამენტარებს, მინისტრებს, საჯარო მოხელეებს, რომლებმაც უდიდესი შრომა გასწიეს ამ გამარჯვების მოსაპოვებლად. მადლობა მინდა, გადავუხადო ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს, ევროპული საბჭოსა და ევროკომისიის ლიდერებს, აშშ-ის ელჩს, რომლებიც გულშემატკივრობდნენ და მხარში ედგნენ საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღების გზაზე.
საქართველო არის ქრისტიანული კულტურის ქვეყანა და ჩვენ ვართ ევროპის განუყოფელი ნაწილი. საქართველო აუცილებლად დაიმკვიდრებს ღირსეულ ადგილს ევროპულ, პოლიტიკურ ოჯახში, როგორც ძლიერი, ერთიანი და განუყოფელი სახელმწიფო. გილოცავთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.