ირაკლი კობახიძე - გიგა ბოკერიამ აღიარა, რომ მათი ორგანიზებულია მარნეულის აქცია, ეს არის დანაშაული, ცეცხლს ნუ ეთამაშებიან
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე მარნეულში განვითარებულ მოვლენებს მიზანმიმართულს უწოდებს.
კობახიძის თქმით, მარნეულში „ნაციონალური მოძრაობის“ ორი განშტოების წარმომადგენლები ერთობლივ აქციას აწყობენ.
„მარნეულში „ნაციონალური მოძრაობის“ ორი განშტოების წარმომადგენლები აწყობენ ერთობლივ აქციას, ეს არის მიზანმიმართული ძალიან მძიმე აქტი, ეს არის დანაშაული და ჩვენ უნდა გავაფრთხილოთ, რა თქმა უნდა, ისინი, რომ ისინი ცეცხლს არ უნდა ეთამაშებოდნენ.
ბატონმა გიგა ბოკერიამ აღიარა, რომ მათი დაორგანიზებულია მარნეულის აქცია, თუმცა მას დამატებითი აღიარება არ სჭირდებოდა, ბატონი იმამკულიევი და ბატონი სულეიმანოვი აქტიურად მონაწილეობენ ამ აქციაში, როგორც ლიდერები. კიდევ ერთელ მოვუწოდებ მათ, ნუ ეთამაშებიან ცეცხლს და აქ ზოგადი მოწოდებების ნაცვლად და რაც გავიგეთ ბატონი ბოკერიასგან, ჯობია, აიღონ ტელეფონი, დარეკონ იმამკულიევთან და სულეიმანოვთან და დააბრუნებინონ ის ხალხი სახლში, რომლებიც მათ გამოიყვანეს ამ აქციითვის. ეს იქნებოდა მათი მხრიდან სწორი ნაბიჯი. შესაბამისად, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, ნუ ეთამაშებით ცეცხლს“ , – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.