ირაკლი კობახიძე - ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ვაჟა აზარაშვილის გარდაცვალების გამო, ჟანრობრივად მრავალფეროვანი შემოქმედებით მან წარუშლელი კვალი დატოვა ქართულ კულტურაში
საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატი ირაკლი კობახიძე კომპოზიტორის, მუსიკოსისა და პედაგოგის, ვაჟა აზარაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. ამის შესახებ კობახიძემ პარლამენტში, ოპოზიციურ ფრაქციებთან შეხვედრაზე, სამთავრობო პროგრამის წარდგენამდე განაცხადა.
„ვაჟა აზარაშვილი იყო არაერთი ცნობილი მუსიკალური კომპოზიციის ავტორი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, საქართველოს სახალხო არტისტი, ღირსების ორდენის კავალერი და თბილისის საპატიო მოქალაქე.
ბატონმა ვაჟამ თავისი ჟანრობრივად მრავალფეროვანი შემოქმედებით წარუშლელი კვალი დატოვა ქართულ კულტურაში. სამძიმარს ვუცხადებ ვაჟა აზარაშვილის ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებსა და ქართულ საზოგადოებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ქართველი მუსიკოსი, კომპოზიტორი და პედაგოგი ვაჟა აზარაშვილი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.