ირაკლი კობახიძე - ღირსებასა და სამართლიანობაზე უნდა იყოს დაფუძნებული ის ურთიერთობები, რომელიც არსებობს საქართველოსა და ევროკავშირის შორის
გამომდინარე იქიდან, რომ სტატუსზე გადაწყვეტილება არის პოლიტიკური, შანსები არის ისევ 50/50-ზე, ჩვენ უნდა დაველოდოთ ამ გადაწყვეტილებას, უბრალოდ, კიდევ ერთხელ გამოვთქვამ იმედს, რომ წელს მაინც ეს გადაწყვეტილება იქნება სამართლიანი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი უსამართლოდ არ მიენიჭა.
„იცით, რა მდგომარეობაა მოლდოვაში, ბოსნიაში, უკრაინაზე საერთოდ არ მინდა საუბარი, ომის მდგომარეობაშია ეს ქვეყანა. კატასტროფაა კორუფციის კუთხით. ყველა თვალსაზრისით არის ძალიან მძიმე ვითარება, როგორც მოლდოვაში, ისე ბოსნიაში. როდესაც იმ ორ ქვეყანას მიენიჭა კანდიდატის სტატუსი და საქართველოს არა, ეს იყო ძალიან უსამართლო გადაწყვეტილება. იმედი მაქვს, რომ წელს იქნება მიღებული სამართლიანი გადაწყვეტილება. თან შეგახსენებთ, რომ მოლდოვასაც, უკრაინასაც, ბოსნიასაც ავანსად მიეცათ კანდიდატის სტატუსი და დღემდე ამ ქვეყნებს ერთ მათგან ცხრიდან სამი რეკომენდაცია აქვს შესრულებული, მეორეს შვიდიდან ორი. აქედან გამომდინარე, ერთადერთ სამართლიანი გადაწყვეტილება შეიძლება, იყოს დადებითი გადაწყვეტილება საქართველოსთვის. მე ხაზგასმით მინდა ვთქვა, რაზეც პრემიერმაც ისაუბრა, რომ ეს არ შეიძლება, იყოს განხილული, როგორც პროფესორისა და სტუდენტის ურთიერთობა, არც საქართველოა სტუდენტი და არც ევროკავშირი პროფესორი, ეს არის ორი მხარე და ღირსებაზე უნდა იყოს დაფუძნებული და სამართლიანობაზე ის ურთიერთობები, რომელიც არსებობს“, – განაცხადა კობახიძემ.