ირაკლი კობახიძე - ღალატში არიან შემჩნეული კონკრეტული ადამიანები, რომლებიც აღარ არიან დღეს ჩვენი გუნდის წევრები, მოღალატეს სათანადო პასუხი გაეცემა, უპირველესად საზოგადოებისგან 2 ოქტომბერს
ღალატში შეიმჩნევიან კონკრეტული ადამიანები, რომლებიც იყვნენ ჩვენი გუნდის წევრები. ისინი არ არიან დღეს გუნდის წევრები, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
აღნიშნული კომენტარით კობახიძემ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას: „მმართველი გუნდის სხვადასხვა წარმომადგენელი ამბობს, რომ მოღალატეობრივი ქმედებებია მმართველ გუნდში. უშვებს თუ არა და აღიარებს თუ არა „ქართული ოცნება“, რომ მმართველი გუნდიდან გაიტანეს ჩანაწერები?“
კობახიძის თქმით, ამ შემთხვევაში, მმართველ გუნდზე არ არის საუბარი, რადგან ვინც ღალატშია შემჩნეული, ისინი დღეს გუნდის წევრები აღარ არიან.
„მმართველ გუნდზე აქ არ არის საუბარი. ვინც არის შემჩნეული ღალატში და არა მარტო შემჩნეული, ამის მიღმაც გვაქვს ჩვენ კონკრეტული ინფორმაციები, რაც საზოგადოებას მივაწოდეთ, ღალატში არიან შემჩნეული კონკრეტული ადამიანები, რომლებიც იყვნენ ჩვენი გუნდის წევრები, ისინი არ არიან დღეს გუნდის წევრები. იყვნენ ჩვენი გუნდის წევრები და სწორედ იმის გამო, რომ მათ ჩაიდინეს ღალატი, ისინი აღარ არიან დღეს გუნდში, ეს არის ჩვენი დამოკიდებულება და ჩვენი მიდგომა. რა თქმა უნდა, მოღალატეს სათანადო პასუხი გაეცემა, მათ შორის, უპირველესად, საზოგადოების მხრიდან, როდესაც 2 ოქტომბერს არჩევნები ჩატარდება“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
რაც შეეხება იმ კითხვას, უნდა შეიქმნას თუ არა საგამოძიებო კომისია, რომელშიც სახალხო დამცველი საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად იქნება ჩართული, კობახიძის თქმით, გამოძიება უნდა დაინტერესდეს და გამოვლინდეს, ვის ხელს უკავშირდება რეალურად იმ ტყუილ-მართალის გამოტანა, რომელზეც არის საუბარი გასული დღეების განავლობაში, ინსტრუმენტებზე კი მოგვიანებით შეიძლება მსჯელობა.
„ეს არის ცალკე საკითხი. რაც შეეხება იმ ტყუილ-მართალს, რომელზეც ინფორმაცია ვრცელდებოდა გასული დღეების განმავლობაში, ეს არის მეორე საკითხი. რამდენადაც იქნება შესაძლებელი, გამოძიება უნდა დაინტერესდეს და გამოვლინდეს, ვის ხელს უკავშირდება რეალურად იმ ტყუილ-მართალის გამოტანა, რომელზეც არის საუბარი გასული დღეების განმავლობაში. იქნება ეს გახარია, ხოჯევანიშვილი, თუ ვინმე სხვა, ალბათ ამით უნდა დაინტერესდეს გამოძიება და უნდა იქნას შესაბამისი ინფორმაცია მოძიებული. რაც შეეხება ინსტრუმენტებს, ამაზე მოგვიანებით შეიძლება მსჯელობა.
თუ რაიმე მართალი შეიძლება იყოს იმ ინფორმაციიდან, რომელიც გავრცელდა, ამ ინფორმაციების მოპოვების დრო ემთხვევა იმ პერიოდს, როდესაც ორი გასაღები იყო ორ ხელში და ორივე გასაღებს აკონტროლებდა ერთი და იგივე ჯგუფის ორი წარმომადგენელი. აქედან გამომდინარე, შეიძლება, არსებობდეს შესაბამისი ეჭვები, თუმცა მე ამ დეტალებში ვერ შევალ. ეს არ არის ჩემი პრეროგატივა. ამ დეტალებში უნდა შევიდნენ სამართალდამცავი ორგანოები საჭიროების შესაბამისად“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძის განმარტებით, ახლა „ქართული ოცნების“ ამოცანაა მშვიდი საარჩევნო გარემოს შენარჩუნება.
„ორნახევარი კვირაა დარჩენილი არჩევნებამდე. საარჩევნო გარემო არის ძალიან მშვიდი და ყველანაირად ჯანსაღი. ერთადერთი ამოცანა ამ პოლიტიკურ ძალას და მის ტელევიზიებს რა აქვთ? – ეს მშვიდი გარემო რაღაცნაირად შეცვალონ. ამის საშუალება ჩვენ მათ არ უნდა მივცეთ და აქეთ უნდა იყოს ჩვენი ძალისხმევა მიმართული. ჩვენი ამოცანაა ასეთი ქმედებების პრევენცია და შემდეგი ორ ნახევარი კვირის განმავლობაში შევინარჩუნოთ მშვიდი საარჩევნო გარემო. მათი ამოცანა სრულიად საპირისპიროა, თუმცა ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამ პოლიტიკურ ძალას და მათ კუთვნილ ტელევიზიებს ამის საშუალება არ მივცეთ“, – დასძინა ირაკლი კობახიძემ.