ირაკლი კობახიძე - გერმანიის პროკურატურის განცხადებაში საქართველოს მთავრობაზე ფრაზა არ ასახავს გერმანიის პოზიციას, გერმანიის სახელმწიფომ ზუსტად იცის, თუ როგორია ჩვენი ხელისუფლება
დოკუმენტის მომზადების დროს, ტექნიკურად არის ერთი ფრაზა, ერთი ორი სიტყვა ჩადებული, რა თქმა უნდა, ეს არ ასახავს გერმანიის პოზიციას,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძე აღნიშნული კომენტარით გამოეხმაურა გერმანიის ფედერალური პროკურატურის მიერ საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილისთვის ბრალის წაყენების შესახებ გავრცელებულ განცხადებას, რომელშიც ნათქვამი იყო: „შეკვეთილი მკვლელობის ფონს წარმოადგენდა მსხვერპლის მტრული დამოკიდებულება რუსეთის სახელმწიფოსთან, ჩეჩნეთისა და ინგუშეთის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობებთან, ასევე, საქართველოს პრორუსულ მთავრობასთან“.
კობახიძის თქმით, ამ საკითხზე თავად გერმანიის ელჩმაც გააკეთა განცხადება.
ირაკლი კობახიძის განმარტებით, გერმანიის ფედერალური პროკურატურის განცხადებაში მოცემული ფრაზა არ ასახავს გერმანიის პოზიციას.
„ყველაფერი ნათელია ამასთან დაკავშირებითაც. როგორც კონგრესმენებთან იყო ერთი ფრაზა ტექნიკური ჯგუფის მიერ შეპარებული, აქაც არის ერთი ფრაზა, ერთი ორი სიტყვა ჩადებული ასევე ტექნიკურად დოკუმენტის მომზადების დროს. რა თქმა უნდა, ეს არ ასახავს გერმანიის პოზიციას. გერმანიის სახელმწიფომ ზუსტად იცის, თუ როგორია საქართველოს ხელისუფლება, მათ შორის საგარეო პოლიტიკური თვალსაზრისით“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოში გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში აცხადებს, რომ გერმანიის ფედერალური პროკურატურის განცხადებაში ფრაზა „საქართველოს პრორუსული მთავრობა“ ზელიმხან ხანგოშვილის სიტყვებია და არ წარმოადგენს პროკურატურის მოსაზრებას.