ირაკლი კობახიძე - დემოკრატიის უკუსვლა, ოლიგარქიზაცია, კლანი, სახელმწიფოს მიტაცება, ამ ტერმინების გამოყენება არის საბჭოური მეთოდი, ყველას მოვუწოდებთ, რომ სტიგმატიზაციის ეს კამპანია არ გამოიყენონ
ირაკლი კობახიძე - დემოკრატიის უკუსვლა, ოლიგარქიზაცია, კლანი, სახელმწიფოს მიტაცება, ამ ტერმინების გამოყენება არის საბჭოური მეთოდი, ყველას მოვუწოდებთ, რომ სტიგმატიზაციის ეს კამპანია არ გამოიყენონ

გერმანიის მხარდაჭერა არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი, გერმანიას აქვს განსაკუთრებული როლი, ბუნებრივია, ევროკავშირის შიგნით, აქედან გამომდინარე, ეს ფორმატი, ეს შეხვედრა მაქსიმალურად იქნება გამოყენებული, რომ კიდევ უფრო გაძლიერდეს გერმანიის მხარდაჭერა საქართველოს ევროპული კურსის მიმართ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ამასთან, ირაკლი კობახიძეს კითხვა დაუსვეს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაზე, სადაც ის ქვეყნის პროევროპული კურსიდან აცდენის მცდელობაზე საუბრობს.

„მე არ ვიცი, რა არის ამ განცხადების კონტექსტი, აქედან გამომდინარე, კომენტარის გაკეთება გამიჭირდება. ვიცი, რა არის ჩვენი მიზანი და რა არის ჩვენი დღის წესრიგი. ჩვენი მიზანი არის კანდიდატის სტატუსის მიღება დეკემბერში, ჩვენი დღის წესრიგი არის 12 რეკომენდაციის შესრულება. რაც შეეხება დაბრკოლებებს ამ გზაზე, დაბრკოლებები იქნება ერთადერთი მხრიდან, ეს არის რადიკალური ოპოზიცია, რომელიც საერთოდ არ არის ჩართული შესაბამისი რეფორმების განხორციელებაში. დღესაც კენჭი ვუყარეთ ორ დოკუმენტს, რომლებიც პირდაპირ უკავშირდება 12 პუნქტის განხორციელებას და რადიკალური ოპოზიციის უდიდესმა ნაწილმა მხარი არ დაუჭირა შესაბამის ცვლილებებს. არ ვიცი, ვისზე საუბრობს და კომენტარის გაკეთება გამიჭირდება, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენი მიზანია კანდიდატის სტატუსის მიღება და ამოცანაა 12 რეკომენდაციების შესრულება. ამის საპირისპიროდ მოქმედებს რადიკალური ოპოზიცია, რაც დასტურდება ფაქტებით“, – განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, ქვეყნის დემოკრატიულ უკუსვლაზე საუბარი არის ფეიკკამპანიის გაგრძელება.

„რაც შეეხება დემოკრატიულ უკუსვლას, ეს არის იმ ფეიკკამპანიის გაგრძელება, რომელიც წარმოებს და ამ კამპანიის მთავარი ხაზი არის სტიგმატიზაცია. სტიგმატიზაცია ჩვენთვის არის კატეგორიულად მიუღებელი, ეს არის დაუშვებელი ფორმა, ეს არის საბჭოური ფორმა პიარკამპანიის, აქედან გამომდინარე, დემოკრატიულ უკუსვლაზე საუბარი ჩვენთვის არის კატეგორიულად მიუღებელი, ვინც ახორციელებს სტიგმატიზაციას, ყველა იყენებს საბჭოურ მეთოდებს. მე არ ვიცი, ვინ ამბობს, დემოკრატიის უკუსვლა. ეს არის სტიგმატიზაციის საბჭოური მცდელობა, რაც არის კატეგორიულად მიუღებელი. რაც შეეხება ბერბოკის კომენტარს, მე კონტექსტი არ ვიცი, ამიტომ გამიჭირდება კომენტარის გაკეთება, რაც შეეხება სტიგმატიზაციას და ისეთი ტერმინების გამოყენებას, როგორებიც არის დემოკრატიის უკუსვლა, ოლიგარქიზაცია, კლანი, სახელმწიფოს მიტაცება და ა.შ., ეს არის საბჭოური მეთოდები და ყველას მოვუწოდებთ, რომ ეს საბჭოური მეთოდები, სტიგმატიზაციის კამპანია არ გამოიყენონ“, – განაცხადა კობახიძემ.