საქართველოს პრეზიდენტის მიერ შეწყალებულ პირთა რაოდენობასა და განვითარებული, ცივილიზებული ქვეყნების პრეზიდენტების მიერ შეწყალებულ პირთა რაოდენობას შორის დაახლოებით ასმაგი საშუალო სხვაობაა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, მმართველი გუნდის ინტერესებში პრეზიდენტთან დაპირისპირების გაღრმავება არ შედის, მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ სამ თვეში საპრეზიდენტო არჩევნები უნდა დაინიშნოს. თუმცა, პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, ყურადღება გამახვილდეს შეწყალების პრობლემაზე.
„ჩვენს ინტერესებში ნამდვილად არ შედის დაპირისპირების გაღრმავება საქართველოს პრეზიდენტთან, მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ სადღაც სამ თვეში უკვე საპრეზიდენტო არჩევნები უნდა დაინიშნოს. ეს არ არის ჩვენი დღის წესრიგის შემადგენელი ნაწილი, თუმცა, რაც შეეხება კონკრეტულ საკითხებს და მათ შორის, შეწყალების საკითხს, აქ ძალიან მნიშვნელოვანია შეწყალების პრობლემაზე ყურადღების გამახვილება, მათ შორის, პრევენციისთვისაც.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორი პრაქტიკა ჩამოყალიბდეს, თუნდაც შემდეგი პრეზიდენტის პირობებში, რომელიც აირჩევა ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში და ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, შეფასდეს ის არასწორი პრაქტიკა, რომელიც ჩამოყალიბდა საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მიერ“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, სტატისტიკის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტის მიერ შეწყალებულ პირთა რაოდენობასა და განვითარებული ქვეყნების პრეზიდენტების მიერ შეწყალებულ პირთა რაოდენობას შორის, დაახლოებით, ასმაგი სხვაობაა.
„ჩვენ მოვიყვანეთ სტატისტიკა და სტატისტიკა ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს. არის დაახლოებით ასმაგი საშუალო სხვაობა საქართველოს პრეზიდენტის მიერ შეწყალებულ პირთა რაოდენობასა და განვითარებული, ცივილიზებული ქვეყნების პრეზიდენტების მიერ შეწყალებულ პირთა რაოდენობას შორის. საუბარია ასმაგ სხვაობაზე. ჩვენ მოვიყვანეთ ამერიკის შეერთებული შტატების მაგალითი, იგივე ეხება ბალტიისპირეთის ქვეყნებს, ბულგარეთი, უკრაინა, გერმანია და ასე შემდეგ. ასმაგი სხვაობა ნიშნავს იმას, რომ რაღაცაშია საქმე, რაღაც ცუდშია საქმე და ზუსტად ამას ეხებოდა ჩემი ბრალდება, რომელიც დღესაც შემიძლია გავიმეორო და აუცილებლად გავიმეორებ – ეს არის პოლიტიკური ბრალდება, რაც გულისხმობს იმას, რომ როდესაც ასმაგი სხვაობა გვაქვს ჩვენ სახეზე, ცივილიზებულ ქვეყნებთან შედარებით, ეს უნდა ნიშნავდეს სამიდან ერთ-ერთს. პირველი, ეს არის უპასუხისმგებლო დამოკიდებულება, მეორე ეს არის, თეორიულად, კორუფცია და მესამე ეს არის, ასევე, თეორიულად, სამართალდამცავი სისტემის მიზანმიმართული ნგრევა. სამიდან ერთ-ერთი აუცილებლად უნდა იყოს მიზეზი – ეს არის ჩემი პოლიტიკური ბრალდების შინაარსი“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, როდესაც ცივილიზებულ ქვეყნებში პრეზიდენტების მიერ შეწყალებულ პატიმართა რაოდენობა ასჯერ უფრო ნაკლებია, ვიდრე საქართველოში, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში შეწყალების უფლება არასწორად არის განმარტებული.
„როდესაც საუბარია ასმაგ სხვაობაზე, როცა არის ჩამოყალიბებული კონკრეტული პრაქტიკა, ცივილიზებულ ქვეყნებში, ბუნებრივია, იმ პრაქტიკას და იმ სტატისტიკას აქვს თავისი საფუძველი. ასჯერ ნაკლები რომ არის სტატისტიკა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ლატვიაში ან ბულგარეთში, ამის მიზეზი ვერ იქნება, ბუნებრივია, ის, რომ შესაბამისი ქვეყნების პრეზიდენტები არ არიან სათანადოდ გულმოწყალენი, როგორიც არის საქართველოს პრეზიდენტი. ეს ვერ იქნება მიზეზი.
როცა ყველა ქვეყანაში არის ასჯერ ნაკლები სტატისტიკა, ეს ნიშნავს იმას, რომ იქ სწორად განიმარტება შეწყალების უფლება და საქართველოში რაღაც არასწორად განიმარტება და ეს ნამდვილად შემაშფოთებელია. სულ მცირე, ამის მიზეზი შეიძლება იყოს უპასუხისმგებლო დამოკიდებულება შეწყალების უფლებამოსილების მიმართ და დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ შემთხვევაში, გიორგი მარგველაშვილის შემთხვევაში, მიზეზი სწორედ უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაა. ეს არის ჩემი დიდი იმედი“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, შეწყალების საქმეზე სისხლის სამართლის საქმის გამოძიების დაწყებას არავინ აპირებს.
„რაც შეეხება კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეს, ეს იყო სპეკულაციები, ეს შემიძლია პირდაპირ ვთქვა, რომ ეს იყო აქცენტის გადატანის მცდელობა სხვა რამეზე. თვითონ შეშფოთებული იყო პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია, იმ ქცევით, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად ვიხილეთ საქართველოს პარლამენტში და მარტივი აქცენტის გადატანის მცდელობა იყო. არავინ არ აპირებს სისხლის სამართლის საქმის აღძვრას. ეს ჩვენი პრეროგატივა არ არის და არანაირი ნიშანწყალი ამისა არ არსებობს სამართალდამცავ სტრუქტურებში, აქედან გამომდინარე ის გზავნილები, რომელიც ჩვენ ვიხილეთ არის ხელოვნურად შექმნილი სპეკულაციები.
რაც შეეხება კონკრეტულად სამ სავარაუდო მიზეზს, ეს არის ჩემი პირადი დასკვნა და ეს არის ჩემი პოლიტიკური ბრალდება, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, თუმცა, რა თქმა უნდა, როდესაც მსჯელობა წარიმართება შეწყალების მიმართულებით, ამ დასკვნისკენ ყველა ერთად მივდივართ, იმიტომ რომ შეუძლებელია ასმაგი სხვაობა გქონდეს შენ, თუ რაღაც ცუდად არ არის. და ყველაზე რბილი შეიძლება იყოს უპასუხისმგებლო დამოკიდებულება შეწყალების უფლებამოსილების მიმართ. რაც შეეხება სისხლის სამართლის საქმეს, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ამის საფუძველი არ არსებობს, გამომდინარე იქიდან, რომ კორუფციას სჭირდება მტკიცებულებით დადასტურება და იქ იყო საუბარი თეორიულ ვარაუდზე, სამიდან ერთ-ერთ ვარაუდზე და მე არანაირი ინფორმაცია არ მაქვს.
მათ შორის, ნეპოტიზმი უკვე მეოთხე, ცალკე თემა იყო, და იქ თეორიული ალბათობითაც არ გვჭირდება ჩვენ რაიმეს თქმა. იქ პირდაპირ ჩანს, რომ როდესაც ადამიანი თავის ცოლის ძმას შეიწყალებს, ეს არის პირდაპირ ვიტყვი, მორალურ ზღვარს გადაცდენილი ქმედება. ეს პირდაპირ შემიძლია ვთქვა, არ არის სისხლის სამართლის დანაშაული, თუმცა ელემენტარული ეთიკური და მორალური ნორმები ირღვევა. მე შემიძლია გითხრათ, რომ მაგალითად, გერმანიაში, პრეზიდენტმა რომ შეიწყალოს თავისი ცოლის ძმა, ის იმავე დღეს დატოვებს თანამდებობას. იმხელა წნეხი ექნება საზოგადოების მხრიდან. მედიის, სამოქალაქო საზოგადოების და სხვა მხარეების მხრიდან“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში.