ირაკლი კობახიძე - გერმანია მხარს უჭერს ჩვენს ინტეგრაციას ევროპულ სტრუქტურებში, მაქსიმუმი გაკეთდება, რომ წარმატებებს მივაღწიოთ ამ გზაზე
გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე აღინიშნა, რომ გერმანია მხარს უჭერს ჩვენს ინტეგრაციას ევროპულ სტრუქტურებში და მაქსიმუმი გაკეთდება, რომ წარმატებებს მივაღწიოთ ამ გზაზე, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის თანათავმჯდომარე ლარს კლინგბაილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, შეხვედრაზე ისაუბრეს გერმანიის როლსა და მხარდაჭერაზე ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესში, ასევე ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებაზე.
„ძალიან მეგობრული და პროდუქტიული შეხვედრა შედგა გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარესთან ლარს კლინგბაილთან. ჩვენ გვქონდა საუბარი როგორც პარტიებს შორის თანამშრომლობაზე, ასევე გერმანიის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ გერმანია მხარს უჭერს ჩვენს ინტეგრაციას ევროპულ სტრუქტურებში და მაქსიმუმი გაკეთდება იმისთვის, რომ წარმატებებს მივაღწიოთ ამ გზაზე. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია პარტიული თანამშრომლობის გაღრმავება ჩვენს პარტიასა და გერმანიის სოციალ-დემოკრატიულ პარტიას შორის. ეს ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის შემდგომ გაღრმავებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.