ირაკლი კობახიძე - გერმანია არის საქართველოსთან ერთად, ჩვენ ვგრძნობთ ამ თანადგომას, რაც კიდევ ერთხელ დაადასტურა ანგელა მერკელის გზავნილებმა
გერმანია არის საქართველოსთან ერთად, ჩვენ ვგრძნობთ ამ თანადგომას, რაც კიდევ ერთხელ დააფიქსირა ანგელა მერკელის ვიზიტმა და მისმა გზავნილებმა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
კობახიძის განცხადებით, ანგელა მერკელს თსუ-ში სტუდენტებთან შეხვედრისას საქართველოს ეროვნულ ინტერესებთან დაკავშირებული საკითხების გაშლის საშუალება მიეცა.
„დღევანდელმა ფორმატმა უნივერსიტეტში მისცა ქალბატონ მერკელს იმ თემების ფართოდ გაშლის საშუალება, რომელზეც მას ჰქონდა საუბარი გუშინაც. იყო საუბარი კიდევ ერთხელ ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე, რომლებიც არის დაკავშირებული ჩვენს ეროვნულ ინტერესებთან. საუბარი იყო ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობაზე, სწრაფვაზე დასავლეთის მიმართულებით და კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ გერმანია არის ჩვენი მყარი მხარდამჭერი და მთავარია, გავაღრმავოთ ჩვენი თანამშრომლობა, ურთიერთობა გერმანიასთან, ევროკავშირთან იმისათვის, რომ მივაღწიოთ ჩვენს ეროვნულ მიზნებს“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ამასთან, ირაკლი კობახიძემ კომენტარი გააკეთა ანგელა მერკელის მიერ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებულ პოზიციაზეც, რომლის თანახმადაც, სწრაფი ინტეგრაციის მოლოდინი ამ ეტაპზე არ არის.
„ჩვენთვის მთავარია, ვიყოთ თანმიმდევრული ჩვენს პოლიტიკაში, რეფორმების განხორციელებაში. თანმიმდევრულად მივიწევთ წინ დასავლური ინტეგრაციის მიმართულებით, ვახორციელებთ იმ რეფორმებს, რომლებიც არის აუცილებელი, რომ საქართველო საბოლოოდ გახდეს როგორც ნატო-ს, ასევე ევროკავშირის წევრი და ვთანამშრომლობთ კონკრეტული მიმართულებით, როგორც ნატო-ს კუთხით, ასევე ევროკავშირის. ამ თანამშრომლობაში გერმანიას აქვს განსაკუთრებული როლი. ჩვენ ერთად ვიხილეთ, რომ გერმანელი სამხედროები, ქართველ სამხედროებთან ერთად, მონაწილეობდნენ ძალიან მნიშვნელოვან წვრთნებში. ესეც იყო მხარდაჭერის, თანადგომის მნიშვნელოვანი გამოხატულება. გერმანია არის საქართველოსთან ერთად. ჩვენ ვგრძნობთ ამ თანადგომას და ეს თანადგომა კიდევ ერთხელ დააფიქსირა ქალბატონი მერკელის ვიზიტმა და მისმა გზავნილებმა“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.