ირაკლი კობახიძე - გენერალური პროკურორის არჩევის შესახებ წესი ერთ-ერთი უცხოელი ბიუროკრატის დაჟინებული ინიციატივით ჩაიწერა ასოცირების დღის წესრიგში, რაც იყო ერთგვარი თვითნებობა
გენერალური პროკურორის არჩევის წესის გამოყენების ერთადერთი პრაქტიკაა უნგრეთში, თუმცა უნგრულ პრაქტიკას აკრიტიკებდა ვენეციის კომისია. სხვა არც ერთი შემთხვევა არ არსებობს, სადაც არა მხოლოდ გენპროკურორის, არამედ ასეთი ტიპის თანამდებობის პირი არ აირჩევა კვალიფიციური უმრავლესობით, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, კვალიფიციურ უმრავლესობას ბევრი პრობლემა აქვს, როცა საქმე ეხება თანამდებობის პირების არჩევას.
„რაც შეეხება ჩიხიდან გამოსვლის მექანიზმს, აქ მთავარი პრობლემა არის ის, რომ საბოლოო ჯამში, ისევ ჩვეულებრივი უმრავლესობით აირჩევა პროკურორი, ოღონდ ერთი წლის ვადით. ეს მაშინ, როცა ვენეციის კომისიის რეკომენდაციაა, რომ გენპროკურორი არჩეული უნდა იყოს სულ მცირე პარლამენტის ვადაზე უფრო ხანგრძლივი ვადით. ანუ, სულ მცირე ხუთწლიანი ვადით ან უვადოდაც კი. ყველანაირი სამართლებრივი პრინციპია დარღვეული, აქედან გამომდინარე, ჩვენ დადებითად ვერ შევაფასებთ ამ პროექტს. ეს არის 12 პუნქტის შემადგენელი ნაწილი და დავუჭირეთ მხარი. ვნახოთ, შეიძლება, შინაარსს კიდევ ერთხელ გადავხედოთ. 12 პუნქტის ფარგლებში თუ შესაძლებელი იქნება ამ ჩანაწერის დახვეწა ისე, რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ სამართლებრივი პრობლემის მოცულობა, ეს შეგვიძლია, გავაკეთოთ. თავის დროზე, ეს წესი შარლ მიშელის დოკუმენტში ჩადეს. იქ იყო ცხარე დისკუსია. ვერც ერთი არგუმენტი ვერ მოვისმინე მოდერატორების მხრიდან იმის შესახებ, რატომ არ იყო ეს ცუდი. მაშინ, პოლემიკაში შემოსვლა გაუჭირდათ, მაგრამ უხეში დამოკიდებულებით ჩადეს მიშელის დოკუმენტში ჩანაწერი. ეს დოკუმენტი შემდეგ ანულირდა და საშუალება მოგვეცა, ეს მახინჯი სამართლებრივი ნორმა არ ჩაგვედო კონსტიტუციაში. რა ინფორმაციაც გვაქვს, ერთ-ერთი ბიუროკრატის დაჟინებული ინიციატივით ჩაიწერა ეს ტექსტი უკვე ასოცირების დღის წესრიგში, იყო ერთგვარი თვითნებობა. ეს ტექსტში მოხვდა და დღეს წესრიგში წერია. ეს წესი სამართლებრივად აბსოლუტური სიმახინჯეა, მაგრამ იმისთვის, რომ ქვეყანამ სტატუსი მიიღოს, ამ ცვლილებას მივიღებთ. ეს ადამიანი უცხოელია, მაგრამ ახლა აღარ არის ბიუროკრატი. პირადი ბოღმა იყო მათ შორის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.