ირაკლი კობახიძე - გეგმაა, რომ „ნაცმოძრაობა“ ორი ფრონტით გამოვიდეს არჩევნებზე, ხაზარაძე, გახარია, ზურაბიშვილი, ლომჯარია, მელია, გვარამია შევლენ მეორე გაერთიანებაში, ჩემი პროგნოზით, ბარიერსაც ვერ გადალახავენ
გეგმა ასეთია, რომ ამ არჩევნებზე „ნაცმოძრაობა“ ორი ფრონტით უნდა გამოვიდეს. უნდა იყოს პარტია „ნაცმოძრაობა“ და მეორე – ახალი გაერთიანება, სადაც, მაღალი ალბათობით, შევლენ ხაზარაძე, გახარია, ზურაბიშვილი, ლომჯარია, მელია, გვარამია. რამდენად იქნება ეს გაერთიანება წარმატებული, თავად შეგიძლიათ, იმსჯელოთ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, „ფაქტია, გეგმა ეს არის, მაგრამ ვიღაცები რაღაცებს არასწორად თვლიან“.
„გეგმა არსებობს, რომლის მიხედვითაც, მათი გათვლით, ოპოზიციიდან ორმა სუბიექტმა უნდა გადალახოს 5-პროცენტიანი ბარიერი. ეს უნდა იყოს „ნაცმოძრაობა“ და ამ ადამიანების გაერთიანება. რა თქმა უნდა, საზოგადოებისთვის ძალიან რთულია იმის მიყიდვა, რომ ხაზარაძე, გახარია, ზურაბიშვილი, ლომჯარია, მელია, გვარამია „ნაცმოძრაობა“ არ არიან. ეს პროექტი ზუსტად ისევე ჩავარდება, როგორც თავის დროზე „ევროპული საქართველოს“ პროექტი ჩავარდა; შემდეგ – „ლელო“, შემდეგ – გახარიას პროექტი. ისინი ბარიერსაც ვერ გადალახავენ, ეს არის ჩემი პროგნოზი“, – აღნიშნა კობახიძემ.