ირაკლი კობახიძე - გავიზიარებთ ყველა შენიშვნას, რომელიც იქნება გამომდინარე კონსტიტუციის პრინციპებიდან
ჩვენ გავიზიარებთ ყველა იმ შენიშვნას, რომელიც იქნება გამომდინარე კონსტიტუციის პრინციპებიდან და ზოგადად, ევროსაბჭოს რეკომენდაციებიდან. ამ ჩარჩოებში, რა თქმა უნდა, გავითვალისწინებთ ყველა შენიშვნას ვენეციის კომისიის მხრიდან,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცედურასა და კრიტერიუმებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.
ირაკლი კობახიძის შეფასებით, პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტი სრულ შესაბამისობაშია სამართლებრივ პრინციპებთან.
„ჩვენ მიგვაჩნია, რომ ჩვენს მიერ მომზადებული კანონპროექტი და პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტი არის სრულ შესაბამისობაში სამართლებრივ პრინციპებთან. უფრო მეტიც, ჩვენ სწორედ, ვიხელმძღვანელეთ ევროსაბჭოს საკვანძო რეკომენდაციებით და კონსტიტუციის შესაბამისი პრინციპებით, როდესაც ვამუშავებდით ამ დოკუმენტს და როდესაც შევიმუშავეთ კანონპროექტი. აქედან გამომდინარე, არ ველოდებით რამე სერიოზულ შენიშვნებს ვენეციის კომისიის მხრიდან“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისივე თქმით, მმართველი გუნდი გაიზიარებს ყველა შენიშვნას, რომელიც იქნება გამომდინარე კონსტიტუციის პრინციპებიდან.
ამასთან, ირაკლი კობახიძის განცხადებით, 1-2 აპრილს საქართველოში ვენეციის კომისიის ექსპერტები ეწვევიან და ამის შემდეგ დასკვნა მომზადდება.
„ჩვენ გავიზიარებთ ყველა იმ შენიშვნას, რომელიც იქნება გამომდინარე კონსტიტუციის პრინციპებიდან და ზოგადად, ევროსაბჭოს რეკომენდაციებიდან. ამ ჩარჩოებში, რა თქმა უნდა, გავითვალისწინებთ ყველა შენიშვნას ვენეციის კომისიის მხრიდან. გაგრძელდება მუშაობა, საქართველოში ჩამოდიან ვენეციის კომისიის ექსპერტები. მათი ვიზიტი 1-2 აპრილს შედგება და ჩვენ გვექნება, ბუნებრივია, მათთან საუბარი და შეხვედრა. ამის შემდეგ მომზადდება უკვე საბოლოოდ დასკვნა და ერთად ვიმსჯელებთ ამ დასკვნასთან დაკავშირებით. რაც შეეხება ზოგადად დასკვნის გათვალისწინების პრაქტიკულ შესაძლებლობას, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ გადავდეთ ორი კვირით მეორე მოსმენით მიღება, გვაქვს საშუალება, რომ დასკვნა ავსახოთ სათანადოდ მეორე მოსმენით კანონპროექტის მიღებისას“, – განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ.