ირაკლი კობახიძე - გაუმჭვირვალე ფულში იგულისხმება ათეულობით მილიონი წელიწადში, არ ვიცით, რა თანხები ხმარდება რევოლუციას, ეკლესიებზე თავდასხმას, პოლიტიკურ ინტერვენციას, ნარკოტიკების პროპაგანდას
როდესაც საუბარია გაუმჭვირვალე ფულზე, საუბარია ათეულობით მილიონ დოლარზე წლის განმავლობაში, რაც არ ვიცით, რაზე იხარჯება, არ ვიცით, კონკრეტულად რა თანხები ხმარდება რევოლუციას, ეკლესიებზე თავდასხმას, რელიგიური სარჩულით პოლიტიკურ ინტერვენციას, ნარკოტიკების პროპაგანდას და ა.შ. – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, რაც შეეხება სხვა მიმართულებით უცხოური გრანტების მოცულობას, მაგალითად, სოფლის მეურნეობაში, უცხოური გრანტების რაოდენობა დაახლოებით 11-ჯერ ნაკლებია სახელმწიფოს მხრიდან ამ მიმართულებით გამოყოფილ დაფინანსებაზე.
„რაც შეეხება სხვა მიმართულებით დაფინანსებას, მაგალითად რომ ავიღოთ უცხოური გრანტები, მოვიკითხე, რამდენია დაახლოებით ჯამური წლიური ოდენობა სოფლის მეურნეობაში. მთელი კამპანიაა აგორებული იმასთან დაკავშირებით, თითქოს გარედან აყვავდა საქართველოს სოფლის მეურნეობა. რომ შევადაროთ, როცა ერთი და იმავე ტიპის დახმარებაზეა საუბარი, რას აკეთებს სახელმწიფო სოფლის მეურნეობისთვის, რა თანხები აქვს გამოყოფილი ყოველწლიურად, რაც არსად ჩანს, არავის ვამადლით, არ არის გამოკრული აბრები იმაზე, რომ კონკრეტული საწარმო, ფერმერული მეურნეობა თუ ა.შ. დაფინანსდა საქართველოს მთავრობის მიერ. მთლიანობაში, ასეთი ტიპის ღონისძიებებზე, დახმარებაზე, ბიზნესის ხელშეწყობაზე სოფლის მეურნეობის სფეროში, სახელმწიფოსგან იხარჯება წელიწადში 330 მლნ ლარი, რაც არის ჩადებული ბიუჯეტში. რომ მოვიკითხე უცხოური გრანტების ჯამური მოცულობა, დაახლოებით არის მთლიანად 30 მლნ ლარი, ანუ 11-ჯერ ნაკლები, ვიდრე გამოყოფს სახელმწიფო. თუმცა ეს გრანტები დანაწევრებულია, ზოგი 5 000-დოლარიანი, ზოგი 10 000-დოლარიანი, ზოგიც უფრო ნაკლები და, საბოლოო ჯამში, ხდება ის, რომ ეს ყველაფერი დიდწილად გამოიყენება მარკეტინგისთვის, პიარისთვის. აქაც კი იკვეთება პოლიტიკური დივიდენდების მიღების ნიშნები. მათ შორის, იკვეთება ნიშნები, რომ კონკრეტული ფერმერები, მაგალითად, რომლებიც იღებენ შესაბამის გრანტებს, გამოირჩევიან კონკრეტული პოლიტიკური ძალების მიმართ განსაკუთრებულად მომეტებული სიმპათიებით და ა.შ. ანუ, ძალიან ხშირ შემთხვევაში, აშკარად იკვეთება პოლიტიკური მიკერძოება გრანტების განაწილებისას.
მოცულობები რომ ვთქვათ, დაახლოებით არის 11-ჯერ, 12-ჯერ ნაკლები, ვიდრე სახელმწიფო ხარჯავს ამ მიმართულებით და დამადლების ხარისხი არის პირიქით, 11-ჯერ მეტი. ამიტომ, როდესაც საუბარია მთლიანობაში ამ ათეულობით მილიონ დოლარზე, რაც არის ეჭვქვეშ, რომ ეს ყველაფერი არ ხმარდება ქვეყნის კეთილდღეობას, მთავარი არის გამჭვირვალობა. ჩვენ ხომ არაფერს ვამტკიცებთ, არ ვამბობთ, რომ რაღაც ცუდია ან რაღაც კარგია, ყველაფერი უნდა იყოს გამჭვირვალე და, საბოლოო ჯამში, საზოგადოებამ უნდა ნახოს, თუ რაზე, რისთვის და როგორ იხარჯება ეს თანხა. მეტს არაფერს ითვალისწინებს „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, დანარჩენზე საზოგადოება გამოიტანს დასკვნებს“, – აღნიშნა პრემიერმა.