ირაკლი კობახიძე - გაუგებარია, რას ემსახურება პრეზიდენტის გადაწყვეტილება, მიზანშეწონილი იყო, საქართველოს საფეხბურთო ნაკრების დაჯილდოებაზე წარდგინება სრულად დაკმაყოფილებულიყო
როდესაც ჩვენ გავგზავნეთ შესაბამისი წარდგინება პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, გავიარეთ კონსულტაციები ფეხბურთის ფედერაციასთან, ნაკრებთან, რომ გუნდში რაიმე ტიპის უკმაყოფილება არ გამოეწვია წარდგინებას, არ მომხდარიყო რაიმე დიფერენცირება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
პრემიერის თქმით, გაუგებარია, რას ემსახურება პრეზიდენტის ქმედება, რომ სიიდან კონკრეტული გვარები ამოიღო.
„ძალიან სამწუხაროა, რომ პრეზიდენტმა გადაწყვიტა ამ სიიდან კონკრეტული გვარების ამოღება და ამ ადამიანებს შორის არიან, მათ შორის, ის ადამიანები, რომლებსაც უშუალოდ, როგორც ფეხბურთელებს, განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით ნაკრების განვითარებაში, მაგალითად, არის ალექსანდრე იაშვილი, სხვა ვიცე-პრეზიდენტები, არიან ასევე ტექნიკური ჯგუფები, რომელთა წარმომადგენლებიც იყვნენ წარდგენილი ღირსების მედალზე. გაუგებარია, რას ემსახურება ეს ყველაფერი. მიზანშეწონილი იყო, რომ სრულად დაკმაყოფილებულიყო ის წარდგინება, რომელიც გავგზავნეთ“, – განაცხადა კობახიძემ.