ირაკლი კობახიძე - გასულ წელს მსოფლიოს 106 ქვეყანაში ექსპორტირებულია რეკორდული, 1.4 მლრდ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია, რაც წინა წლის მაჩვენებელს 15%-ით აღემატება
მსოფლიოს 106 ქვეყანაში გასულ წელს რეკორდული, 1.4 მლრდ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქციაა ექსპორტირებული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიურ მოხსენებაში განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, გასულ წელს მსოფლიოს 66 ქვეყანაში 259 მილიონი დოლარის ღირებულების ღვინოა გატანილი, რაც საქართველოს ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
„ასევე, სოფლის მეურნეობა არის ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანი. გასულ წელს მსოფლიოს 106 ქვეყანაში ექსპორტირებულია რეკორდული, 1.4 მლრდ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია, რაც წინა წლის მაჩვენებელს 15%-ით აღემატება. მათ შორის, გასულ წელს მსოფლიოს 66 ქვეყანაში ექსპორტირდა 259 მილიონი დოლარის ღირებულების ღვინო, რაც საქართველოს ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
სოფლის მეურნეობაში დამატებული ღირებულების მაჩვენებელმა 4.8 მლრდ ლარი შეადგინა, რაც ზუსტად ორჯერ აღემატება 2012 წლის შესაბამის მაჩვენებელს. მაშინ მაჩვენებელი იყო 2.4 მლრდ. გასული წლის მდგომარეობით, სოფლის მეურნეობის დარგში ინვესტიციების მოცულობამ 7.5 მილიარდ ლარს მიაღწია, საიდანაც სახელმწიფო თანადაფინანსება იყო ორი მილიარდი ლარი. იზრდება ხეხილის ბაღების ფართობები, რაც სახელმწიფო პროგრამის − „დანერგე მომავლის“ შედეგია. საანგარიშო პერიოდში სახელმწიფოს მხარდაჭერით ახალი ბაღები 2 800 ჰა-ზე გაშენდა. მიმდინარეობდა სამუშაოები განსაკუთრებით საშიში მავნე ორგანიზმების წინააღმდეგ, დამუშავდა 90 ათას ჰექტრამდე ფართობი.
ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ ღონისძიებებისა, რომლებიც ხორციელდება სოფლის მეურნეობის სფეროში. მთლიანობაში ყოველწიურად ძალიან დიდი ინვესტიციები იდება სახელმწიფოს მხრიდან სოფლის მეურნეობაში, რაც წაახალისებს კერძო ინვესტიციებსაც და ეს ყველაფერი, გარდა ეკონომიკის განვითარებისა, მნიშვნელოვანია ქართული სოფლის გაძლიერებისთვისაც“, – განაცხადა პრემიერმა.