ირაკლი კობახიძე - გარეჯის საკითხთან დაკავშირებით, როგორც მოგეხსენებათ, წარიმართება დიალოგი სტრატეგიულ პარტნიორ აზერბაიჯანთან, მხოლოდ დიალოგის გზით შეიძლება, გადაწყდეს ეს საკითხი
გარეჯის საკითხთან დაკავშირებით, როგორც მოგეხსენებათ, წარიმართება დიალოგი აზერბაიჯანთან. მხოლოდ დიალოგის გზით შეიძლება, გადაწყდეს ეს საკითხი, – ამის შესახებ პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ოპოზიციურ ფრაქციებთან შეხვედრისას განაცხადა.
კობახიძის შეფასებით, საზოგადოების ნებისმიერ წევრს უნდა ჰქონდეს კითხვები იმ პროცესებთან დაკავშირებით, რომლებიც თავის დროზე წარიმართა და ეს ეხება როგორც რუკებს, ისე მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებას.
„რაც შეეხება გარეჯის საკითხს, როგორც მოგეხსენებათ, ამასთან დაკავშირებით წარიმართება დიალოგი ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ აზერბაიჯანთან. მხოლოდ დიალოგის გზით შეიძლება, გადაწყდეს ეს საკითხი. რაც შეეხება იმას, რამდენად იყვნენ დაჭერილი უდანაშაულო ადამიანები, მგონი, საზოგადოების ნებისმიერ წევრს უნდა ჰქონდეს კითხვის ნიშნები იმ პროცესებთან დაკავშირებით, რომლებიც თავის დროზე წარიმართა, რატომ მოხდა რუკების ისე განსაზღვრა, როგორც განისაზღვრა, რატომ მოხდა შემდეგ მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მხრიდან იმ განცხადების გაკეთება, რომელიც გააკეთა? დღეს ითქვა, თითქოს არავინ უარყოფს იმას, რომ გარეჯი საქართველოა, თუმცა მაშინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ „აღიარა“, რომ გარეჯის სამონასტრო კომპლექსის კონკრეტული ნაწილი არ იყო საქართველო. პირდაპირ აღიარა მაშინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ. შესაბამისად, ეს კითხვები, სამწუხაროდ, თავის დროზე დაისვა. თუ არ ვცდები, ქალბატონი კალანდაძე იყო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე. კითხვები არსებობს, როგორც მოხელეების ნაწილში, ისე პოლიტიკურ ნაწილში, რაც ძალიან სამწუხარო მოვლენაა“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.