ირაკლი კობახიძე - განათლების სისტემაში ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევაა ხარისხის გაუმჯობესება, უამრავი რამ არის გასაკეთებელი, ახალი მინისტრის პირობებში უკვე ბევრი საკითხი გადაწყდა
განათლების სისტემაში ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა არის ხარისხის გაუმჯობესება, ახალი მინისტრის პირობებში უკვე ბევრი კონკრეტული საკითხი გადაწყდა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძის თქმით, პედაგოგებს პროფესიული საქმიანობის წარმართვისთვის კარგი პირობები უნდა ჰქონდეთ.
„განათლების სისტემაში ხარისხზე მუშაობს ახალი მინისტრი. ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა არის ხარისხის გაუმჯობესება როგორც ზოგადი განათლების დონეზე, ასევე განათლების სხვა საფეხურებზე. ეს გამოწვევა უნდა გადაიჭრას. ბევრი კონკრეტული საკითხი გადაწყდა უკვე ახალი მინისტრის, გიორგი ამილახვარის პირობებში, მათ შორის, ეს ეხება პედაგოგებისთვის ხელფასების ზრდას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო და ყველაფერი სწორი ფორმულით გაკეთდა. მნიშვნელოვანია, რომ პედაგოგებს უფრო კარგი პირობები ჰქონდეთ იმისათვის, რომ საკუთარი პროფესიული საქმიანობა აწარმოონ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ამასთან, კობახიძეს კითხვა დაუსვეს სკოლებში ბავშვთა კვების საკითხზეც.
„რთული, კომპლექსური საკითხია და ამასთან დაკავშირებით მინისტრი დღეს წარმოადგენს საკუთარ პოზიციას, დაველოდებით მის პოზიციას. უამრავი რამ არის გასაკეთებელი განათლების სისტემაში. ეს არის ერთ-ერთი სფერო, სადაც ბევრი რამ უნდა გაუმჯობესდეს, ბევრი რამ საჭიროებს გაუმჯობესებას, შესაბამისად, საინტერესო დისკუსია იქნება“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.