ირაკლი კობახიძე - განათლების სექტორში გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები, ქუთაისი, თბილისთან ერთად, იქცევა ქვეყნისთვის თანაბარმნიშვნელოვან საგანმანათლებლო კერად
ირაკლი კობახიძე - განათლების სექტორში გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები, ქუთაისი, თბილისთან ერთად, იქცევა ქვეყნისთვის თანაბარმნიშვნელოვან საგანმანათლებლო კერად

განათლების სექტორში გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები. მთავარ ინიციატივას გამოვყოფ – ეს არის თბილისში სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი კამპუსების მშენებლობა, რაც სახელმწიფო უნივერსიტეტის რესურსებს მნიშვნელოვნად გააფართოებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, სტუდენტებს საქართველოში ექნებათ საშუალება, უმაღლესი სტანდარტების ინფრასტრუქტურის პირობებში, უმაღლესი ხარისხის განათლება მიიღონ საკუთარ ქვეყანაში.

„საუბარი გვქონდა ასევე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რესურსების გაძლიერებაზე, ინფრასტრუქტურის არსებითად გაფართოებაზე და ეს პროექტიც განხორციელდება. შესაბამისად, ქუთაისი, თბილისთან ერთად, იქცევა თანაბარმნიშვნელოვან საგანმანათლებლო კერად ჩვენი ქვეყნისთვის. 2028 წლისთვის სტუდენტების რაოდენობამ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში 20 000-ს უნდა გადააჭარბოს. აგრეთვე, დავაანონსეთ ძალიან მნიშვნელოვანი – ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის პროექტი, რაც ხელს შეუწყობს ტექნოლოგიების სექტორების განვითარებასა და ზოგადად IT სექტორის განვითარებას. აქ ძალიან კარგი დინამიკა გვაქვს გასული წლების განმავლობაში და ხელი უნდა შევუწყოთ სექტორის ზრდას. ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი შეასრულებს ძალიან მნიშვნელოვან როლს. ამ თვალსაზრისით, მომდევნო წლის განმავლობაში 500-ზე მეტი სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია გვაქვს დაგეგმილი. ანალოგიური წინსვლა გვექნება ასევე საბავშვო ბაღების მიმართულებით, ზოგადად, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.