ირაკლი კობახიძე - „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არაფერი აქვს საერთო რუსეთის კანონთან, „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ კანონი ჩვენი ერის გადაწყვეტილებას წარმოადგენს
ირაკლი კობახიძე - „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არაფერი აქვს საერთო რუსეთის კანონთან, „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ კანონი ჩვენი ერის გადაწყვეტილებას წარმოადგენს

ჩვენ მივიღეთ კანონი „გამჭვირვალობის შესახებ“, რომელსაც შინაარსობრივად არაფერი აქვს საერთო არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ რუსეთის კანონის შინაარსთან. ჩვენთან საუბარია მხოლოდ გამჭვირვალობაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „ევრონიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, ეს გადაწყვეტილებები მიიღო საქართველოს მთავრობამ და ამ გადაწყვეტილებებს არაფერი აქვთ საერთო რუსეთის მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებთან.

„კიდევ ერთი რამ, რაც გათვალისწინებულია ამ კანონით, არის ის, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები აბარებენ იუსტიციის სამინისტროს თავიანთ ყოველწლიურ ფინანსურ დეკლარაციებს – სულ ეს არის.

არ არის გათვალისწინებული არანაირი შეზღუდვები. სწორედ ამ მიზეზით აბსოლუტურად ყალბია გზავნილები რუსულ კანონთან დაკავშირებით. რაც შეეხება კანონს „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ შესახებ, ის ასევე წარმოადგენს ჩვენი ერის გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.