ირაკლი კობახიძე - „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ერთადერთი პრაქტიკული შედეგია, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის იქმნება ვებგვერდი, სადაც წარმოდგენილი იქნება, საიდან და რისთვის ფინანსდება კონკრეტული ორგანიზაცია
„გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ერთადერთი პრაქტიკული შედეგი არის ის, რომ საქართველოს მოქალქეებისთვის იქმნება ერთი ვებგვერდი, სადაც შედიხარ, ამოირჩევ ორგანიზაციას და გაგიხსნის ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ საიდან და რისთვის ფინანსდება ეს ორგანიზაცია. რა შეიძლება, იყოს ამაში ცუდი? ნული, არაფერი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, არსებობს ორი სცენარი, თუ როგორ შეიძლება, მოვლენები განვითარდეს.
„წარმოვიდგინოთ ორი სცენარი. ერთი სცენარია, როდესაც „ენჯეოებს“ შეაქვთ დეკლარაციები და ერთადერთი პრაქტიკული შედეგი, რაც გვაქვს, არის ის, რომ იქმნება ერთი ვებგვერდი, სადაც შედიან საქართველოს მოქალაქეები და იღებენ ინფორმაციას ორგანიზაციების დაფინანსების წყაროებისა და ხარჯების თაობაზე. მეტი არაფერი; მეორე პრაქტიკული ვარიანტია – როდესაც ორგანიზაციების დიდ ნაწილს არ შეაქვს დეკლარაციები და, სხვათა შორის, ვინც არწმუნებს ამ ორგანიზაციებს, რომ დეკლარაციები არ უნდა შეიტანონ, უნდა დარეგისტრირდნენ სხვა ქვეყანაში და ა.შ. ესენი არიან სწორედ კონკრეტული დონორი ორგანიზაციები, რომელთაც აინტერესებთ საკუთარი ფინანსების დამალვა. წარმოვიდგინოთ, რომ ეს ორგანიზაციები არ წარადგენენ ამ ფინანსურ დეკლარაციებს. ამ შემთხვევაში, ერთადერთი, რაც ხდება, არის ის, რომ ამ ორგანიზაციებს გამოეწერებათ ჯარიმები და ჯარიმებიც არის საკმაოდ რბილი, 25 000 ლარი უნდა გადაიხადოს ამ ორგანიზაციამ იმ შემთხვევაში, თუ უხეშად დაარღვევს კანონს და არ წარადგენს წლიურ დეკლარაციას, ეს არის ერთადერთი სანქცია და ზომა, რაც არის გათვალისწინებული“, – აღნიშნა პრემიერმა.