ირაკლი კობახიძე - გამჭვირვალობის კანონი რეალურად არის სუვერენიტეტის კონსტიტუცია
გამჭვირვალობის კანონი უმნიშვნელოვანეს წვლილს შეიტანს ჩვენი სუვერენიტეტის შემდგომ განმტკიცებაში. აქედან გამომდინარე, ამ კანონს ვუწოდებდი სუვერენიტეტის კონსტიტუციას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებით მან არაერთხელ შესთავაზა ყველას საჯარო დისკუსიაში მონაწილეობა, თუმცა ყველა გაურბის საჯარო დისკუსიას, რადგან გამჭვირვალობას ალტერნატივა არ აქვს.
„კიდევ ერთხელ მინდა, გამოვხატო მზაობა, დავსხდეთ საჯარო დისკუსიის ფორმატში. ნებისმიერ სუბიექტს მოვუწოდებ, იქნებიან ეს დიპლომატები, უცხოელი პოლიტიკოსები, ქვეყნის შიგნით პოლიტიკოსები, ახალგაზრდები თუ ნებისმიერი სხვა, დავსხდეთ ერთად, გავმართოთ საჯარო დისკუსია საზოგადოების თვალწინ, პირდაპირ ეთერში, ეს არის ჩემი მოწოდება. სამწუხაროდ, ყველა გაურბის საჯარო დისკუსიას, რადგან გამჭვირვალობას ალტერნატივა არ აქვს. შეუძლებელია, უბრალოდ გამჭვირვალობასთან დაკავშირებით გქონდეს რაიმე ნეგატიური ობიექტური შეფასება, ამიტომ გაურბიან ისინი საჯარო დისკუსიას ამ თემასთან დაკავშირებით. მინდა, მკაფიოდ ვთქვა, რომ ეს არ არის ერთი ჩვეულებრივი კანონი, ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ეს არის კანონი გამჭვირვალობის შესახებ, რაც უმნიშვნელოვანეს წვლილს შეიტანს ჩვენი სუვერენიტეტის შემდგომ განმტკიცებაში. აქედან გამომდინარე, ამ კანონს ვუწოდებდი სუვერენიტეტის კონსტიტუციას. ეს კანონი რეალურად არის სუვერენიტეტის კონსტიტუცია, ამიტომ არ მოსწონთ ვიღაც-ვიღაცებს ეს კანონი. ვიღაცებს არ სურთ, საქართველო იხილონ მეტად ძლიერი, მეტად სუვერენული, თუმცა ეს არის ჩვენი სახელმწიფო ინტერესი. ამიტომ ჩვენ ბოლომდე დავიცავთ იმ კანონს, რასაც ვუწოდებდი სუვერენიტეტის კონსტიტუციას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.