ირაკლი კობახიძე - გაგრძელდება კომუნიკაცია ნებისმიერ დაინტერესებულ პირთან ყველა იმ საკითხზე, რომელიც „ნამახვანჰესის“ მშენებლობას უკავშირდება
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია ხალხთან ურთიერთობა, კომუნიკაცია, რათა „ნამახვანჰესის“ პროექტის ირგვლივ თითოეულ დეტალთან დაკავშირებით საზოგადოებას ჰქონდეს ინფორმაცია.
„ნებისმიერი ასეთი საკითხი უნდა გადაწყდეს ექსპერტული ანალიზის საფუძველზე. რა თქმა უნდა, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ხალხთან ურთიერთობა, კომუნიკაცია, რათა თითოეულ დეტალთან დაკავშირებით საზოგადოების წევრებს ჰქონდეთ ინფორმაცია. ეს არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, გაგრძელდება კომუნიკაცია საზოგადოებასთან, ნებისმიერ დაინტერესებულ პირთან ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება ჰესის მშენებლობას“, – აღნიშნა კობახიძემ.
„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები აქციას დღეს თბილისში გამართავენ.
პროტესტის მონაწილეები დილით ქუთაისში, სპორტის სასახლესთან შეიკრიბნენ, საიდანაც მანქანებით დედაქალაქისკენ დაიძრნენ.
აქციის მონაწილეები რესპუბლიკის მოედანზე 14:00 საათიდან იკრიბებიან, სიტყვით გამოსვლები კი 15:00 საათზე დაიწყება.