ირაკლი კობახიძე - გაგრძელდება ინფრასტრუქტურული სამუშაოები, ძალიან მკაფიო, კონკრეტული გეგმა გვაქვს შემდეგი ოთხი წლისთვის და ეს გეგმა აუცილებლად განხორციელდება
ირაკლი კობახიძე - გაგრძელდება ინფრასტრუქტურული სამუშაოები, ძალიან მკაფიო, კონკრეტული გეგმა გვაქვს შემდეგი ოთხი წლისთვის და ეს გეგმა აუცილებლად განხორციელდება

გაგრძელდება ინფრასტრუქტურული სამუშაოები, ძალიან მკაფიო, კონკრეტული გეგმა გვაქვს შემდეგი ოთხი წლისთვის და ეს გეგმა აუცილებლად განხორციელდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 12-წლიანმა, და განსაკუთრებით ბოლო 4-წლიანმა პერიოდმა, შექმნა ყველანაირი საფუძველი იმისთვის, რომ ოთხი წლის თავზე თვისებრივად განვითარების სხვა დონეზე გადავიდეს ქვეყანა, რაც არის სამთავრობო გუნდის უმთავრესი ამოცანა.

„ჩვენ კონკრეტულ ამოცანებზეც გვქონდა საუბარი, ეს არის, მაგალითად, ეკონომიკის გაზრდა 130 მილიარდ ლარამდე, რაც სერიოზულ ძალისხმევას მოითხოვს, მაგრამ არის სავსებით რეალური. 40 მილიარდს უნდა გადააჭარბოს ბიუჯეტმა ოთხი წლის თავზე, ესეც არის აბსოლუტურად მიღწევადი და აქაც სრულად უნდა ვიყოთ მობილიზებული. ოთხ პროცენტს უნდა ჩამოსცდეს უმუშევრობის მაჩვენებელი, ასევე ოთხ პროცენტს უნდა ჩამოსცდეს სიღარიბის მაჩვენებელი, სულ მცირე, 300 ათასმა ჩვენმა თანამოქალაქემ უნდა დაძლიოს სიღარიბე ამ ქვეყანაში მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში. ესეც არის ძალიან ამბიციური ამოცანა, თუმცა სავსებით რეალურია ამ მიზნის შესრულება, ამისთვის საჭიროა ჩვენი ყოველდღიური მუშაობა.

ჩვენ გვინდა, სულ მცირე, ცხრა მილიარდი დოლარის ინვესტიციების მოზიდვა შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში, რაც სავსებით რეალურია და ამისთვისაც არის ძალიან კარგი საფუძვლები შექმნილი გასული წლების განმავლობაში. გაგრძელდება ინფრასტრუქტურული სამუშაოები, ძალიან მკაფიო, კონკრეტული გეგმა გვაქვს შემდეგი ოთხი წლისთვის და ეს გეგმა სრულად უნდა განხორციელდეს და აუცილებლად განხორციელდება, მათ შორის, საგზაო პროექტები და მრავალი მიმართულებით გვაქვს ასეთი პროექტები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.