ირაკლი კობახიძე - გაერო-ს კლიმატის ცვლილების კონფერენციის ფარგლებში, საუბარი გვქონდა არაერთ ლიდერთან იმ თემებზე, რომლებიც უკავშირდება ჩვენს ქვეყანას და პოლიტიკურ პროცესებს
ირაკლი კობახიძე - გაერო-ს კლიმატის ცვლილების კონფერენციის ფარგლებში, საუბარი გვქონდა არაერთ ლიდერთან იმ თემებზე, რომლებიც უკავშირდება ჩვენს ქვეყანას და პოლიტიკურ პროცესებს

სხვადასხვა კუთხით იყო მნიშვნელოვანი ჩვენი მონაწილეობა გაერო-ს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბაქოში ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, კონფერენციის ფარგლებში, პრემიერმა ისაუბრა როგორც გარემოს დაცვისა და ეკოლოგიის საკითხებზე, ასევე, საშუალება ჰქონდა პარტნიორებთან ერთად განეხილა სხვადასხვა მნიშვნელოვანი თემა, მათ შორის საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები.

„მთავარ თემებზე გვქონდა საუბარი, რაც უკავშირდება გარემოს დაცვისა და ეკოლოგიის საკითხებს, მაგრამ ამასთან ერთად ასეთ ფორმატებში ჩვენ გვაქვს საშუალება, რომ ჩვენს პარტნიორებს სხვადასხვა ქვეყნიდან გავესაუბროთ სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით. აქაც გვქონდა არაერთ ლიდერთან საუბარი იმ თემებზე, რომლებიც უკავშირდება ჩვენს ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის გარშემო პოლიტიკურ პროცესებს და ეს ფორმატი მაქსიმალურად გამოვიყენეთ ამისთვის“, – განაცხადა პრემიერმა.