ირაკლი კობახიძე - გადაწყვეტილების მიღებისას ამოსავალი წერტილი იყო კონკრეტული ადამიანების სიცოცხლე, ჯანმრთელობა, მთავარი ფაქტორი ალბათ, ელენე ხოშტარია იყო, დაყოვნება არ ივარგებდა
რისკი ყველგან არის, თუნდაც, გორის ჰოსპიტალში, მაგრამ ბევრად მეტად ვიქნებით დაზღვეული რისკ-ფაქტორებისგან სწორედ გორის ჰოსპიტალში. ამოსავალი წერტილი იყო ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, გადაწყვეტილების მიღების ერთ-ერთი ფაქტორი ალბათ იყო ელენე ხოშტარიას მდგომარეობის გათვალისწინება.
„ელენე ხოშტარია ორ კვირაზე მეტია, შიმშილობს, მას გაუარესებული ჰქონდა ჯანმრთელობის მდგომარეობა, სერიოზული რისკ-ფაქტორები იყო, ჩვენ აღარ დავაყოვნეთ და მივიღეთ ასეთი რაციონალური და პრაგმატული გადაწყვეტილება. ჩვენთვის ამოსავალი წერტილი იყო კონკრეტული ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა. მთავარი ფაქტორი ალბათ, ელენე ხოშტარია იყო, რადგან ყველაზე ხანგრძლივი შიმშილობის ისტორია ჰქონდა ელენე ხოშტარიას. მას ჰქონდა შედარებით გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობა, დაყოვნება არ ივარგებდა და ალბათ, ეს იყო ერთ-ერთი ფაქტორი, რის საფუძველზეც ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული“, – განაცხადა კობახიძემ.
იუსტიციის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ გააკეთა შეთავაზება, მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილი იყოს გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში. მისი თქმით, მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილი იქნება რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში. ამასთან, აღნიშნა, რომ ოპონენტების მხრიდან ნებისმიერი სახის პროვოკაციის შემთხვევაში, რამაც შეიძლება, ხელი შეუშალოს პატიმრის გადაყვანას და შემდგომ სამედიცინო პერსონალის მუშაობას, პატიმარი გადაყვანილი იქნება მე-18 დაწესებულებაში და ნებისმიერი კანონდამრღვევი უმკაცრესად აგებს პასუხს კანონის წინაშე.