ირაკლი კობახიძე - „ფრონტერას“ ურჩევნია, ლობიზმის ნაცვლად ფული ინვესტიციებზე დახარჯოს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, უმჯობესი იქნება, თუ „ფრონტერა“ ლობიზმის ნაცვლად ფულს ინვესტიციებზე დახარჯავს. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ კონგრესმენ მარკუეინ მალინის განცხადებასა და „ფრონტერას“ საკითხზე საუბრისას განაცხადა.
საუბარია კონგრესმენ მარკუეინ მალინის სტატიაზე, სახელწოდებით – აშშ უნდა დაუდგეს საქართველოს გვერდით თავისუფლებისთვის ბრძოლაში“. კონგრესმენი წერს, რომ „საქართველოს მთავრობა არ ზღუდავს ივანიშვილის მხრიდან ძალაუფლების აბსოლუტურ კონსოლიდაციას. პუტინის მოკავშირე აქტიურად მუშაობს ამერიკული ბიზნესის გასაძევებლად, რომელიც ქვეყანაში კანონიერად მოქმედებს“. მარკუეინ მალინი ამის მაგალითად კომპანია „ფრონტერას“ მიიჩნევს.
„ფრონტერას“ ურჩევნია, ლობიზმზე ფულის ხარჯვას, ფული დახარჯოს ინვესტიციებზე. ეს რომ გაეკეთებინა, ბევრად უფრო წარმატებული იქნებოდა და ლობისტებზე ამდენი ფულის ხარჯვა არ დასჭირდებოდა. ყველამ ვიცით, რა და როგორ არის და ასეთ განცხადებებს მეტი კომენტარი აღარ სჭირდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, აბსურდია განცხადება, თითქოს ბიძინა ივანიშვილი რუსეთის პრეზიდენტის მოკავშირეა.
„ივანიშვილი პუტინის მოკავშირეაო – ეს არის სრული აბსურდი. ვინ არის პუტინის მოკავშირე წინა ცხრა წელი და შემდეგ შვიდი წელი, ეს ძალიან კარგად იცის ქართულმა საზოგადოებამ. უფრო კარგად იციან საერთაშორისო პარტნიორებმა. პუტინის მოკავშირე ის პოლიტიკური ძალაა, რომელმაც ჯერ ტერიტორიების 20 პროცენტი და სტრატეგიულ-ეკონომიკური ობიექტები ჩააბარა რუსეთის ფედერაციას. შემდეგი შვიდი წელი ოპოზიციაში ყოფნისას ნაკლები რესურსი აქვს და ყველაფერს აკეთებს, რათა ამ ქვეყანაში რუსული ინტერესები მაქსიმალურად გატარდეს. ეს არის პოლიტიკური ძალა „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი განშტოებებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.