ირაკლი კობახიძე - "ფრიდომ ჰაუსის" ანგარიშში სასამართლოს დამოუკიდებლობის ნაწილში რეიტინგი, ღიმილისმომგვრელია
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ “ფრიდომ ჰაუსის” ანგარიშში სასამართლოს დამოუკიდებლობის ნაწილში რეიტინგი, ღიმილისმომგვრელია.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, 2012 წლამდე არსებული მოცემულობა იყო სასამართლო ხელისუფლების სრული კონტროლი იუსტიციის სამინისტროს მხრიდან.
“ანგარიშის თანახმად, ქვეყნის რეიტინგი სულაც 25 მეასედით არის გაუარესებული 2011 წელთან შედარებით. 2012 წლამდე არსებული მოცემულობა იყო სასამართლო ხელისუფლების სრული კონტროლი იუსტიციის სამინისტროს მხრიდან. ამის შედეგი იყო უკანონო სისხლისსამართლებრივი განაჩენები ათასობით ადამიანის წინააღმდეგ, სასამართლო წარმატებით გამოიყენებოდა ბიზნესმენებისა და სხვა პირთა რეკეტის ინსტრუმენტად, აგრეთვე პოლიტიკური დევნის მექანიზმად. სასამართლო ეფექტიანად აღასრულებდა ე.წ. ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკას, რის შედეგადაც ციხის პოპულაციამ საქართველოში 24500 მიაღწია”, – აღნიშნა კობახიძემ.
მისივე თქმით, 2012 წლის შემდეგ, სასამართლო გათავისუფლდა აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლიდან.
„რადიკალურად გაიზარდა გამამართლებელი განაჩენებისა და ხელისუფლების მიერ წაგებული ადმინისტრაციული საქმეების რაოდენობა, სასამართლო აღარ გამოიყენება ადამიანების დევნისა და მათი უფლებების უხეში შელახვის ინსტრუმენტად. გატარდა უმნიშვნელოვანესი საკანონმდებლო ცვლილებები სასამართლოს დამოუკიდებლობის განსამტკიცებლად. ამ ფონზე, კვლევაში დაფიქსირებული რეიტინგი სასამართლოს დამოუკიდებლობის ნაწილში, რბილად რომ ვთქვათ, ღიმილისმომგვრელია”, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისივე თქმით, გაკვირვებას იწვევს, უცვლელი რეიტინგი სამოქალაქო საზოგადოების ნაწილში.
“თუ 2012 წლამდე, სამოქალაქო საზოგადოება იყო მეტწილად ლოიალური ხელისუფლების მიმართ, 2012 წლის შემდეგ მისი დამოკიდებულება ოპოზიციურისკენ შეიცვალა, რაც დადებითად უნდა ასახულიყო შესაბამის რეიტინგზე. თუმცა, კვლევის ავტორებმა ამ შემთხვევაშიც ტენდენციურობა გამოავლინეს”, – აღნიშნა კობახიძემ.