ირაკლი კობახიძე - „ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიშში აშკარად იკვეთება ავტორების მიკერძოებულობა საქართველოს მოქმედი ხელისუფლების საწინააღმდეგოდ
მიუხედავად იმისა, რომ „ფრიდომ ჰაუსის” ანგარიშის ავტორები ვერ ახერხებენ შინაარსობრივად ხელისუფლების გაკრიტიკებას, დასკვნებში აშკარად იკვეთება მათი მიკერძოება საქართველოს მოქმედი ხელისუფლების საწინააღმდეგოდ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ყველამ კარგად იცის, რამდენად ფუნდამენტური წინსვლა განიცადა ქვეყანამ 2012 წლის შემდეგ დემოკრატიის, თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით.
„მიუხედავად იმისა, რომ “ფრიდომ ჰაუსის” ანგარიშის ავტორები ვერ ახერხებენ შინაარსობრივად ხელისუფლების გაკრიტიკებას, დასკვნებში აშკარად იკვეთება მათი მიკერძოება საქართველოს მოქმედი ხელისუფლების საწინააღმდეგოდ. 2012 წლამდე არსებული მოცემულობა იყო გაყალბებული არჩევნები, ნულოვანი ბალანსი ხელისუფლების ორგანოებს შორის, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა – მათ შორის ადამიანების წამების, გაუპატიურების, საკუთრების ხელყოფის სისტემური პრაქტიკა, სასამართლოს სრული დაქვემდებარება იუსტიციის სამინისტროზე, ხელისუფლების ტოტალური თვითნებობა. ეს პრობლემები საქართველოში 2012 წლიდან არსებითად გადაიჭრა. ამ ფონზე, ანგარიშის თანახმად, 7-ბალიან შკალაში მხოლოდ 12 მეასედით არის გაუმჯობესებული საქართველოს რეიტინგი დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით, რაც ყველაფერზე თავისთავად მეტყველებს”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.