ირაკლი კობახიძე - ფოთის ახალ ტერმინალთან დაკავშირებით რაიმე კორუფციული გარიგება გამორიცხულია
ფოთის ახალ ტერმინალთან დაკავშირებით რაიმე კორუფციული გარიგება გამორიცხულია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის დასმულ შეკითხვას უპასუხა.
ჟურნალისტმა კობახიძეს ჰკითხა, იცის თუ არა გავრცელებული ინფორმაციის შესახებ, რომ ფოთის ახალი ტერმინალის 55 პროცენტიანი წილის მფლობელი თამაზ ჩხიკვიშვილი კავშირშია „ქართული ოცნების“ წევრებთან.
კობახიძის თქმით, „ქართულ ოცნებას“ ბევრი წევრი ჰყავს, მათ შორის ბიზნესმენებიც, თუმცა ამბობს, რომ არ იცის, თამაზ ჩხიკვიშვილს აქვს თუ არა კავშირი იმ ადამიანებთან, რომლებიც მმართველი გუნდის წევრები არიან.
„ქართულ ოცნებას“ ძალიან ბევრი წევრი ჰყავს, 30 000. მათ შორის შეიძლება იყვნენ ბიზნესმენები, სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები. არ ვიცი რა კავშირი აქვს კონკრეტულად ამ ადამიანს სხვა ადამიანებთან, რომლებიც დაკავშირებული არიან თავის მხრივ „ქართულ ოცნებასთან“. მთავარია, რომ აქ გამორიცხულია ყოველგვარი რაიმე კორუფციული გარიგება. თუ არის საუბარი იმაზე, რომ ვინმე რამე კავშირს იყენებს უსამართლოდ და არასწორად, ამაზე უნდა ვილაპარაკოთ და თუ ასეთი ფაქტები არ არის, ბუნებრივია, ყველაფერი არის წესრიგში“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.