ირაკლი კობახიძე - ფისკალური დეცენტრალიზაციის მაჩვენებელი ევროპულ მინიმუმს უნდა დავუახლოვოთ, რაც მშპ-ში დაახლოებით 7%-ია
„დეცენტრალიზაცია უნდა გახდეს ჩვენი რეფორმების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმაზე საუბრისას განუცხადა. მისი შეფასებით, დღეს ფისკალური დეცენტრალიზაციის მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
„ჩვენ ვსაუბრობთ ფისკალურ დეცენტრალიზაციაზე და ამ მიმართულებით რადიკალურ ცვლილებაზე. ფისკალური დეცენტრალიზაციის მაჩვენებელი დღეისთვის საკმაოდ დაბალია და გვინდა დავუახლოვდეთ ევროპულ მინიმუმს, რაც არის დაახლოებით 7% მთლიან შიდა პროდუქტში.
ანუ ჩვენ უნდა ავწიოთ საკუთარი და არა საკუთარი შემოსავლები თვითმმართველობების მთლიანი შიდა პროდუქტის 7%-მდე, საშუალო ვადიან პერსპექტივაში, რაც გამოიწვევს რადიკალურ ცვლილებას. როგორ მოხდება ამ მაჩვენებლის მიღწევა, ეს არის დამოკიდებული სტრატეგიაზე.
ეს შეიძლება მოხდეს საშემოსავლო გადასახადის ხარჯზე, სხვა გადასახადების ხარჯზე, ასევე, გათანაბრებით ტრანსფერის ხარჯზე. ეს არის უკვე დეტალები. მთავარია, მივუახლოვდეთ ფისკალური დეცენტრალიზაციის ევროპულ მინიმუმს“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.