ირაკლი კობახიძე - ფასებთან დაკავშირებული მონაცემები მანიპულაციურია, შეგვიძლია, უფრო დეტალური პასუხი გავცეთ სპეკულაციებს, რომლებიც ვრცელდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, 2012 წლის შემდეგ სამომხმარებლო ფასების ინდექსში საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე კარგი მაჩვენებელი აქვს.
კობახიძის თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით მანიპულაციური მონაცემები და სპეკულაციები ვრცელდება.
„რაც შეეხება ფასებს, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს სამომხმარებლო ფასების ინდექსს, რომლის მიხედვითაც არის 66-პროცენტიანი ზრდა 2012 წლის შემდეგ. აქაც იყო მანიპულაციები. მანიპულაციურად ქვეყნდებოდა გარკვეული ციფრები. სინამდვილეში, სამომხმარებლო ფასების ინდექსში 66-პროცენტიანი ზრდა 2012 წლის შემდეგ არის ერთ-ერთი ყველაზე კარგი მაჩვენებელი, ანუ დაბალი მაჩვენებელი, თუ ჩვენ გადავავალებთ თვალს იმ მონაცემებს, რომლებიც არის სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, აშშ-ში, მეზობელ ქვეყნებში და ა.შ. შეგახსენებთ, ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ გამოვიარეთ ორი კრიზისი. ერთი იყო სავალუტო და ეკონომიკური კრიზისი, რომელიც დაემთხვა უკრაინის პირველ ომს, ეს იყო 2015-2016 წლები. მაშინ იყო, მათ შორის, ინფლაციის, დევავლვაციის მაღალი მაჩვენებელი. მეორე იყო კოვიდთან დაკავშირებული კრიზისი, როდესაც დაფიქსირდა ინფლაციის მაღალი მაჩვენებელი მსოფლიოს მასშტაბით, არამარტო საქართველოში. ამის მიუხედავად, ჩვენ მოვახერხეთ და შევინარჩუნეთ 66-პროცენტიანი მაჩვენებელი, რაც არის ერთ-ერთი საუკეთესო ჩვენს რეგიონში, სამეზობლოში, კონტინეტზე და მსოფლიოს მასშტაბით. აქედან გამომდინარე, ის მონაცემები, რომლებიც ქვეყნდება, თავისთავად არის მანიპულაციური და შეგვიძლია, უფრო დეტალური პასუხი გავცეთ სპეკულაციებს, რომლებიც ვრცელდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.