ირაკლი კობახიძე - ფარისევლობის გამოხატულებაა, როდესაც წმინდა პატრიარქი გახატია გულზე და ლამის ყოველდღიურ რეჟიმში ეკლესიას აგინებ
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციის ნაწილის მოქმედებები მათ სულისკვეთებასა და ფარისევლობაზე მეტყველებს.
მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ ოპოზიციის ნაწილმა სახალხო დამცველის ასარჩევად კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.
„სამწუხაროდ, ოპოზიციის უდიდესმა ნაწილმა მხედველობაში არ მიიღო კომპრომისის საჭიროება და დღევანდელ კენჭისყრაში არ მიიღო მონაწილეობა. ეს მეტყველებს მათ სულისკვეთებასა და ფარისევლობაზე. ფარისევლობის გამოხატულებაა მათ შორის ის, როდესაც ჩვენი გმირი პატრიარქი, წმინდა პატრიარქი გახატია გულზე და ამ დროს ლამის ყოველდღიურ რეჟიმში ეკლესიას აგინებ. ფარისევლობის გაგრძელება იყო ის, როდესაც საუბრობ ევროკავშირზე და მხარს არ უჭერ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული კანდიდატის სტატუსის მიღებასთან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტმა სახალხო დამცველად ლევან იოსელიანი აირჩია. კენჭისყრის შედეგად, ლევან იოსელიანის კანდიდატურას მხარი დაუჭირა 96-მა დეპუტატმა, წინააღმდეგ არცერთი წავიდა. სახალხო დამცველის თანამდებობაზე ლევან იოსელიანის კანდიდატურას მხარი დაუჭირა „ქართული ოცნების“ სრულმა შემადგენლობამ. გარდა ამისა, იოსელიანმა მიიღო „ევროპელი სოციალისტებისა“ და „გირჩის“ ოთხ-ოთხი ხმა, თავად „მოქალაქეების“ ორი ხმა, ასევე ხმები უფრაქციო დეპუტატებისგან, რომელთა შორის არიან თეონა აქუბარდია, ხათუნა სამნიძე, თამარ კორძაია. მხარდამჭერებს შორის არ არიან „ნაციონალური მოძრაობის“, „ლელოსა“ და „სტრატეგია აღმშენებლის“ წარმომადგენლები.