ირაკლი კობახიძე - ფაქტია, რომ დღეს მთავარი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი, ამომრჩეველთან შეხვედრის მომიზეზებით, კასპში გაექცა პარლამენტში დებატებს
ფაქტია, რომ დღეს მთავარი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი, კასპში ამომრჩეველთან შეხვედრის მომიზეზებით, გაექცა პარლამენტში დებატებს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში პრემიერ-მინისტრის ყოველწლიური ანგარიშის შემდეგ გამართული პოლიტიკური დებატებისას განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ოპოზიცია გაექცა დებატებს, რადგან არაფერი აქვთ სათქმელი.
„ყველა წინა დებატები დასრულდა პრემიერის სასარგებლოდ ათით ნული. მოლოდინი ამ შემთხვევაშიც იგივე იყო და ეს მოლოდინი კიდევ ერთხელ გაუმართლდათ. საზოგადოებამ კიდევ ერთხელ იხილა, დებატებიც დასრულდა ზუსტად ასეთივე ანგარიშით – ათით ნული. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია, შევიდეთ მათ მდგომარეობაში და კარგად გავიგოთ, რატომ გაურბიან ყოველ ჯერზე დებატებს და დღესაც რატომ გაექცნენ ამ დებატებს. ჩვენი მთავარი ოპოზიციური თავმჯდომარე, გინდა, ფორმალური დაუძახეთ, გინდა – არაფორმალური, ფაქტია, რომ დღეს, კასპში ამომრჩეველთან შეხვედრის მომიზეზებით, გაექცა დებატებს. ვხედავთ, რა მდგომარეობაში არიან ეს ადამიანები, თუმცა უნდა შევიდეთ მათ მდგომარეობაში.
რაც შეეხება დებატების შინაარსს, შეგახსენებთ, რომ დღეს ჩვენ გვქონდა პრემიერის ყოველწლიური ანგარიშის განხილვა, რომელიც შეეხება საქართველოს განვითარებას გასული წლის განმავლობაში, არის ყველაზე მნიშვნელოვანი თემა, რაც შეიძლება, ადამიანმა განიხილოს პარლამენტში“, – განაცხადა კობახიძემ.